GUARDIANGE – ვაშინგტონმა შესაძლოა ხელი მოაწეროს საქართველოს ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს, თუ მისი მთავრობა მიატოვებს მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკას და უარს იტყვის ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO წერს.
სამხრეთ კაროლინას „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ კონგრესში ამ კვირაში წარდგენილი კანონპროექტის პირობების თანახმად, აშშ სამხრეთ კავკასიის ქვეყანასთან, საქართველოსთან, „ჯანსაღი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გასახსნელად დაიწყებს მოლაპარაკებებს, იმ პირობით, რომ ძირითადი პოლიტიკური კრიტერიუმები დაკმაყოფილდეს. ამერიკულ ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებასთან ერთად, კანონპროექტით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია იქნება მოთხოვნილი.
ის ასევე ავალდებულებს ოფიციალურ პირებს შეიმუშაონ საქართველოსთვის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მოიცავს „უსაფრთხოებისა და თავდაცვითი აღჭურვილობის უზრუნველყოფას, რომელიც იდეალურად შეეფერება რუსეთის აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვისა და თანმხლები წვრთნების, ტექნიკური უზრუნველყოფისა და ოპერაციების მხარდაჭერის ელემენტებს“.
ამასთან, პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ აშშ დაადასტურებს, რომ „საქართველომ დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი აჩვენა, რაც მინიმუმ, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებითა და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემოთი დასტურდება“.
POLITICO უფრო ადრე იტყობინებოდა, რომ უილსონის კანონპროექტით ინდივიდუალური სანქციები დაწესდება მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებზე და სხვა სახელმწიფო მოხელეებზე, თუ ისინი რუსული სტილის „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტს სისრულეში მოიყვანენ.
როგორც POLITICO წერს, კანონმდებლობა, დასავლეთის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებს და საარჩევნო ჯგუფებს უცხოელ აგენტებად მოიხსენიებს. კრიტიკოსების თქმით, ეს გამოყენებული იქნება მთავრობის კრიტიკის ჩასაჩუმებლად და დელეგიტიმაციისთვის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენმა გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება, რომ თუ საქართველო დაამტკიცებს უცხოური აგენტების კანონპროექტს, „ჩვენ დავინახავთ შეზღუდვებს შეერთებული შტატებიდან“, რაც გავლენას მოახდენს ამ კანონის უკან მყოფთა ფინანსებზე და მოგზაურობაზე. იმავდროულად, თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა თქვა, რომ თუ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონმდებლობა ამოქმედდება, ეს „გვაიძულებს ფუნდამენტურად გადავაფასოთ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან“.
ამერიკული გამოცემის ცნობით, ბოლო კვირებში ათიათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩებში კანონპროექტის გასაპროტესტებლად, რომელიც ევროკავშირის თქმით, ფაქტობრივად დაასრულებს ქვეყნის ბლოკში გაწევრიანების იმედებს – კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ. სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები დემონსტრანტების დასაშლელად და ძალადობრივად შეიჭრა აქტივისტების დასაკავებლად.