ევროპარლამენტი პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ რამდენიმე პირის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.

რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა 441-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 47-მა, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.

ევროპარლამენტმა რეზოლუცია ორი შესწორებით დაამტკიცა.

ევროპარლამენტში დღეს მიღებული რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი ითვალისწინებს საქართველოს შესახებ მის მიერ ადრე მიღებულ რეზოლუციებს, საკუთარი რეგლამენტის 150-ე მუხლის მე-5 პუნქტსა და 136-ე მუხლის მე-4 პუნქტს.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ „71 წლის პაატა ბურჭულაძეს, ცნობილ საოპერო მომღერალსა და სამოქალაქო აქტივისტს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ქართულ და ევროპულ კულტურაში, 2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში გამართული მასობრივი დემონსტრაციების შემდეგ, 2026 წლის მაისში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მათ შორის ჯგუფური ძალადობის სავარაუდო ორგანიზებისა და კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით“.

რეზოლუციის ტექსტში ასევე ვკითხულობთ, რომ „საქართველოსა და ავსტრიის მოქალაქე ბურჭულაძე მუდმივად უარყოფს წაყენებულ ბრალდებებს; კვლავ არსებობს სერიოზული შეშფოთება სასამართლო პროცესის სამართლიანობის, სასჯელის პროპორციულობისა და მისი პატიმრობის პირობების გამო, მათ შორის ხანგრძლივი იზოლაციის, გარე სამყაროსთან კონტაქტის მკაცრი შეზღუდვისა და მისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით არასათანადო სამედიცინო მომსახურების გამო“.

რეზოლუციის მიხედვით, „მისი საქმე განხილული უნდა იყოს რუსეთის მზარდი გავლენისა და დემოკრატიის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სისტემატური ხელყოფის ფონზე, როდესაც რეჟიმი სასამართლო სისტემასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს სისტემატურად იყენებს განსხვავებული აზრის, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩასახშობად“.

ამასთან, მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ „ევროპარლამენტმა არაერთხელ დაგმო პოლიტიკური ოპონენტების დევნა და სინდისის ყველა პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა“.

რეზოლუციის მიხედვით, „აღნიშნული მოვლენები, მათ შორის მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიული ზომების გამოყენება და ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით შემზღუდველი კანონმდებლობის ბოროტად გამოყენება, ძირეულად შეუთავსებელია ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან“.

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი:

„მკაცრად გმობს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს; მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას ყველა პოლიტიკურ პატიმარსა და უკანონოდ დაკავებულ პირთან ერთად, მათი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, კერძოდ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელისა და პატიმრობაში მყოფი ყველა მშვიდობიანი დემონსტრანტის გათავისუფლებას; მოითხოვს, ევროპარლამენტის წევრებს დაკავებულ პირებთან შეუფერხებელი წვდომის შესაძლებლობა მიეცეთ; მათი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს ხელისუფლებას;

მოუწოდებს, დაკავებულებს დაუყოვნებლივ და შეუფერხებლად მიეცეთ დამოუკიდებელი ექიმების მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა;

მოუწოდებს საქართველოს თვითდანიშნულ ხელისუფლებას, სრულად დაიცვას სამართლიანი სასამართლო პროცესის საერთაშორისო სტანდარტები და უზრუნველყოს ბურჭულაძის ხელმისაწვდომობა სათანადო სამედიცინო მომსახურებაზე, იურიდიულ დახმარებასა და ოჯახის წევრებთან რეგულარულ კონტაქტზე; მოითხოვს საკონსულო წარმომადგენლებთან შეუფერხებელი წვდომის შესახებ ბურჭულაძის უფლების სრულად დაცვას;

მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ხელოვანების, ოპოზიციის წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა და მათი სასამართლო სისტემის გამოყენებით შევიწროება, ასევე სრულად უზრუნველყოს გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება;

მოითხოვს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების, დაშინებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებების დამოუკიდებელ გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების კანონის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემას;

კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხისა და მისი დემოკრატიული მისწრაფებებისადმი ურყევ მხარდაჭერას და ხაზს უსვამს, რომ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერი პროგრესის აუცილებელი წინაპირობაა;

სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისთვის პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა; მოუწოდებს ევროკავშირს, ამ საკითხთან დაკავშირებით შეინარჩუნოს კოორდინირებული რეაგირება;

კიდევ ერთხელ მოუწოდებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელყოფაზე, ასევე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ, მათ შორის აქტივების გაყინვისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლისა და ტრანზიტის აკრძალვისკენ, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების, ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების წინააღმდეგ;

ავალებს ევროპარლამენტის პრეზიდენტს, წინამდებარე რეზოლუცია გადაუგზავნოს ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს თვითდანიშნულ ხელისუფლებას“.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები