ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ, ამჟამად სანქციების 22-ე პაკეტზე ვმუშაობთ, რუსეთს სანქციებს არ მოვუხსნით, ვიდრე ომს არ შეწყვეტს

რუსეთზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ, ამჟამად სანქციების 22-ე პაკეტზე ვმუშაობთ. ერთი რამ კი სრულიად ნათელია, რუსეთს სანქციებს არ მოვუხსნით, ვიდრე ომს არ შეწყვეტს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის მეორე დღის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული ენერგეტიკული ზავი არ დაიცვა და მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ მხარი დავუჭირეთ პრეზიდენტ ტრამპის მიერ შეთავაზებულ ენერგეტიკულ ზავს, თუმცა ვნახეთ, რომ რუსეთი მას არ იცავდა – ერთი წუთითაც კი. ამის ნაცვლად, რუსეთმა ესკალაცია გააძლიერა“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პარლამენტი შეაქო იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც საჭირო რეფორმების გასატარებლად იჩენს, რათა კიევის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი წინ წავიდეს. მისი თქმით, მოლაპარაკებების დარჩენილი ორი კლასტერი წლის ბოლომდე უნდა გაიხსნას.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები