პაკისტანში სკოლის სახურავის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 33 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი დაიღუპა

GUARDIANGE –პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ქალაქ პეშავარში სკოლის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე 33 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას საავადმყოფოს წარმომადგენლები ავრცელებენ.

ათზე მეტი ადამიანი დაშავდა, ზოგიერთის მდგომარეობა კი კრიტიკულია. შიშობენ, რომ რამდენიმე ბავშვი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, დირ კოლონიში, ალ-ხაირის კერძო სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურებს ხუთშაბათს, 08:48 საათზე (03:48 GMT) შეატყობინეს, მას შემდეგ, რაც გაკვეთილები უკვე დაწყებული იყო.

მან BBC-ს განუცხადა, რომ ზედა სართულის საკლასო ოთახის სახურავი ჩამოინგრა, რამაც ქვედა სართულის ჭერიც ჩამონგრევაც გამოიწვია.

გაფრთხილება: ეს სტატია შეიცავს შემაშფოთებელ დეტალებს

„დაზარალებული [საკლასო ოთახებში] მყოფი ბავშვები ნანგრევების ქვეშ იყვნენ მოყოლილი“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა ბილალ ფაიზიმ.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის, არიფ ხატაკის თქმით, სკოლა დროებითი სარგებლობისთვის განკუთვნილ შენობაში მდებარეობს.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებული საკლასო ოთახები შენობის ორსართულიან ნაწილში იყო განთავსებული, თუმცა პეშავარის პოლიციის უფროსმა მიან საიდმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ სამ სართულზე განთავსებული საკლასო ოთახები ჩამოინგრა. მისი თქმით, ზედა კლასში დაახლოებით 30 მოსწავლე იმყოფებოდა, შუაში – 40, ხოლო პირველ სართულზე – 45.

როგორც ჩანს, როდესაც ზედა სართულის საკლასო ოთახის სახურავი ჩამოინგრა, ჩამოცვენილი ნანგრევები ქვედა საკლასო ოთახებსაც დაეცა და თან ჩაიტანა.

საიდმა თქვა, რომ მთელი კონსტრუქცია, რომელსაც „უხარისხო“ სახურავის ფილები ჰქონდა, „გადატვირთული“ იყო და წონის ლიმიტს აჭარბებდა.

სამაშველო სამსახურის ცნობით, ზედა სართულის სახურავი ჩამოინგრა და სამი საკლასო ოთახი თან ჩაიტანა.

ალ-ხაირის სკოლა ვიწრო ქუჩაზე მდებარეობს, რომლის გავლაც ერთდროულად მხოლოდ ერთ სამანქანო ზოლშია შესაძლებელი, რის გამოც მაშველებს ადგილზე მისვლა და დაშავებულების საავადმყოფოში გადაყვანა გაუჭირდათ.

პეშავარის „ლედი რიდინგის“ საავადმყოფომ 32 ბავშვისა და ერთი მასწავლებლის გარდაცვალების ხოლო „ნასირულა ხან ბაბარის“ მემორიალურმა საავადმყოფომ ერთი ბავშვის გარდაცვალების შესახებ განაცხადა.

ახლომდებარე სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა თქვა, რომ ის სხვა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად მაშინვე გაიქცა შემთხვევის ადგილზე, როდესაც სირენების და სასწრაფო დახმარების მანქანების ხმა გაიგონა.

მისი თქმით, მათ ერთად ნანგრევებიდან 20-ზე მეტი ბავშვი ამოიყვანეს.

„მე პირადად საკუთარი ხელით ამოვიყვანე ექვსი ბავშვი. მათი უმეტესობა ცოცხალი იყო და ლაპარაკობდა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი დაიღუონენ“.

„ბევრი სისხლი იყო“, – აღნიშნა მან. „ერთმა ბავშვმა თქვა, რომ ძალიან დიდ ტკივილს განიცდიდა. პირი ჰქონდა გამომშრალი [და] წყალს ითხოვდა“.

სოჰაილმა, კიდევ ერთმა ადგილობრივმა მკვიდრმა, თქვა, რომ ის და სხვები ცდილობდნენ ბავშვების ნანგრევებიდან „ნიჩბების გამოყენებით“ ამოყვანას.

პოლიციის უფროსმა მიან საიდმა განაცხადა, რომ შენობა კვლავ „უკიდურესად საშიშია“ და ხალხს ამ ადგილიდან განრიდებისაკენ მოუწოდა.

„ეს უხეში დაუდევრობის შემთხვევაა“, – თქვა მან. „ჩვენ გამოვიკვლევთ, იყო თუ არა სამშენებლო კოდების რაიმე დარღვევა. ჩვენ ვაპირებთ საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებას და ყველა ფაქტის შეგროვებას“.

საიდმა დაადასტურა, რომ სკოლის მფლობელი დააკავეს.

ხაიბერ-პახტუნხვას გუბერნატორმა, ფეისალ კარიმ კუნდიმ, ასევე ბრძანა პროვინციის ყველა სკოლის უსაფრთხოების აუდიტის ჩატარება, რათა „გამოვლენილიყო პოტენციური რისკები და უზრუნველყოფილიყო დაუყოვნებლივი ზომების მიღება საჭიროების შემთხვევაში“.

„ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ჩვენი შვილების უსაფრთხოება საფრთხეში ჩააგდონ“, – თქვა მან.

ოთხი თვის წინ, ლაჰორის მახლობლად, კერძო სასწავლო ცენტრის სახურავის ჩამონგრევის შედეგად თოთხმეტი ბავშვი დაიღუპა. აგვისტოში კი, დედაქალაქ ისლამაბადში, საავადმყოფოს ახალშობილთა განყოფილებაში გაჩენილ ხანძარს 14 ჩვილი ემსხვერპლა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ობიექტი ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციითა და წყლის ჭავლის სისტემით არ იყო აღჭურვილი.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები