აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ truthsocial-ში წერს.
„დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომში. ორივე მხარე დათანხმდა. არ დაარღვიოთ იგი!“ – აცხადებს დონალდ ტრამპი.
ტრამპის მოწოდებას ენერგეტიკული ზავის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი გამოეხმაურა და თქვა, რომ ლონდონი მხარს უჭერს მდგრადი ენერგეტიკული ზავის დაწყებას.
„რუსეთმა შაბათ-კვირას გააძლიერა დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ეს უკრაინელ სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმაა, რომელიც მათ სიცივესა და სიბნელეში ტოვებს. დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მდგრადი ენერგეტიკული ზავი“, – წერს ბერნემი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ამ საკითხზე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.
„უკრაინა მზადაა, თუ რუსეთი თავდასხმებს შეწყვეტს. ეს საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ ენერგეტიკული რესურსები და საწვავი მსოფლიო ბაზრებს დაუბრუნდეს“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.
უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა ასევე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ სრულად უჭერს მხარს ზელენსკის მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც, მისივე განმარტებით, მსოფლიო სასურსათო მარაგებს, უკრაინისა და რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაიცავს.
„ომი ახალ, კიდევ უფრო ბნელ ფაზაში შევიდა. რუსეთი ბრძოლის ველზე დროს აჭიანურებს და სამოქალაქო მოსახლეობას ფრონტის ხაზიდან შორს ურტყამს. მე უკრაინელი ხალხისადმი ჩვენი სოლიდარობა გამოვხატე, ასევე სრული მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ, რომელიც საკუთარი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას ხელმძღვანელობს“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
მისი თქმით, უკრაინა ევროპული საბჭოს სხდომაზე ყურადღების ცენტრში იქნება.
„განვიხილავთ მის ფინანსურ საჭიროებებს მომავალი წლისთვის და ახალი საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების გზებს“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
მისივე თქმით, იგეგმება მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერის გახსნა.

