ხიხანის საჯარო სკოლის დირექტორი ამირან (რეზო) გაბაიძე: არასდროს მინანია პედაგოგის პროფესიის არჩევა; სკოლა დადებითი ენერგიის წყაროა; ბავშვები უზარმაზარ ძალას გაძლევენ; მასწავლებელი, თავისი ქცევით უნდა ქმნიდეს მისაბაძ მაგალითს

GUARDIANGE – საბჭოთა ეპოქის სოფლების ერთ-ერთი ბოლო მასობრივი აღმშენებლობითი კვალი მარნეულის რაიონში, შაუმიანის თემში, 1980-ინი წლების ბოლოს ახლად დაფუძნებულ სოფელ ხიხანში დღესაც თვალშისაცემია. სტანდარტული ორსართულიანი სახლები და საკარმიდამო მიწები მაშინდელმა მთავრობამ ხულოს რაიონიდან ჩამოსახლებულ აჭარლებს უსასყიდლოდ გადასცა, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის გამო, ზოგიერთი სახლის დასრულება ვერ მოესწრო და როგორც ხიხანში, ისე მარნეულისა და ქვემო ქართლის სხვა რაიონების ახლად დაფუძნებულ სოფლებში აჭარიდან თუ სვანეთიდან ჩასახლებულ ახალ მოსახლეებს, გაუმართავ სახლებში შესვლა მოუწიათ.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიხანი

1990-იან წლებში ხულოს რაიონიდან მარნეულში ჩასახლებულ მრავალრიცხოვან ადამიანთა შორის იყო ახალგაზრდა პედაგოგი ამირან გაბაიძე, რომლის ცხოვრებაშიც ხიხანის ჯერ საშუალო, შემდეგ კი საჯარო სკოლა ერთგვარ ბედისწერად იქცა. ამირან (რეზო) გაბაიძე სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ენერგიულად ემსახურება ხიხანის საჯარო სკოლას – პედაგოგის, სასწავლო ნაწილის გამგის და დირექტორის თანამდებობაზე და როგორც თავად ამბობს, მისი ენერგიის დაუშრეტელი წყარო ბავშვები არიან.

ამირან გაბაიძემ სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობა 2010 წელს დაიკავა, მანამდე 15 წლის განმავლობაში ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე და გეოგრაფიის მასწავლებელი იყო, უფრო ადრე კი, მშობლიურ ხულოს რაიონში მუშაობდა პედაგოგად.

„ხიხანში პირველი სკოლა 1993 წელს გაიხსნა, 36 მოსწავლით. თავდაპირველად, კერძო სახლებში მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი, რადგან ახლად დაარსებულ სოფელში სკოლის შენობა არ არსებობდა. პედაგოგები ვაგონში ვიმყოფებოდით. პირველი 4 წელი არც წყალი გვქონდა და არც შუქი. მეზობელი სოფლიდან, შაუმიანიდან ხელით ვეზიდებოდით სასმელ წყალს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლის დირექტორი ამირან გაბაიძე

„სკოლას თავდაპირველად ბატონი ანდრო გაბაიძე ედგა სათავეში, იგი ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი იყო, ძალიან ძლიერი ფიზიკოსი, თუმცა მან ასაკიდან და ჯანმრთელობიდან გამომდინარე თანამდებობიდან წასვლა მოისურვა და მის შემდეგ სკოლის დირექტორი გახდა ქალბატონი ლალი სიმონიშვილი, რომელიც ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სკოლას და დღესაც წარმატებით საქმიანობს ხიხანის საჯარო სკოლაში დირექტორის მოადგილის და ისტორიის მასწავლებლის რანგში.

„მოგეხსენებათ, 90-იანი წლების პირველი ნახევარი ძალზე რთული იყო სკოლებისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. ხელფასი კუპონებით გაიცემოდა და ისიც თვეების განმავლობაში გვიანდებოდა. ურთულესი გზა გამოვიარეთ, განსაკუთრებით გაგვიჭირდა ამ მოტიტვლებულ, სრულიად ხრიოკ მიწა-წყალზე თავის დამკვიდრება. ამ ტერიტორიაზე ადრე საბჭოთა სამხედრო პოლიგონი იყო. ულამაზესი მაღალმთიანი აჭარიდან ამ გახრიოკებულ ადგილზე ჩამოსვლა და თავის დმკვიდრება ადვილი ნამდვილად არ იყო. მაგრამ მოთმინებით, ხვალინდელი დღის იმედით მოვედით დღევანდელ დღემდე.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიხანი

„სადღეისოდ, სოფელში უკვე სასმელი წყალიცაა, თუმცა გრაფიკით, სარწყავიც, გაზიც და რა თქმა უნდა შუქიც. დაირგო ხეები, დამშვენდა სოფელი, თანდათან შევეჩვიეთ აქაურობას. 2007 წელს დასრულდა სკოლის შენობის რეაბილიტაცია და 2008 წლის იანვრიდან უკვე ამ შენობაში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. უნდა ითქვას, რომ სკოლა ბაგა-ბაღის ბაზაზეა აშენებული და შესაბამისად, სკოლის პროექტის მიხედვით, ფუნდამენტი სკოლაზე არ იყო გათვლილი, როგორ უნდა დადგმულიყო შენობა ფუნდამენტის გარეშე… ამიტომ, ეს სკოლა გააკეთეს ბაგა-ბაღის პრინციპით. გვაქვს 12 საკლასო ოთახი, სამასწავლებლო, დირექციის კაბინეტი და კომპიუტერის პატარა ოთახი, მაგრამ ოთახების 60% 16 კვ.მ.-ია რაც არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. სკოლაში ამჟამად 104 მოსწავლე ირიცხება, გასულ სასწავლო წელს 6-მა დაამთავრა მე-12 კლასი, წელს ასევე 6 პირველკლასელი მივიღეთ, ამ მხრივ თანაფარდობა არ დარღვეულა. თუმცა გუშინ 3 მოსწავლე სხვა სკოლაში გადავიდა, ერთი კახეთში, 2 აჭარაში და შარშანდელთან შედარებით უკვე 3 მოსწავლით ნაკლები გვყავს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლა

„ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლამდე იყო ისეთი პერიოდი, როცა 130-ზე მეტი მოსწავლეც კი გვყავდა. მოსწავლეთა კონტინგენტის ზრდაში დიდი ფაქტორი მიუძღვის მოსახლეობისთვის მიწების უფასოდ გაფორმებას. ამ ფაქტის გამო, არა მხოლოდ შეჩერდა მიგრაცია, პირიქით, ხალხმა სოფელში დაბრუნებაც დაიწყო.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიხანი – ბროწეულების ბაღი

მიწების უფასოდ დარეგისტრირებამდე საკმაოდ ცუდი მდგომარეობა იყო, რადგან აქ მცხოვრებებს 1 ჰა მიწის შესყიდვისთვის სახელმწიფო 7-8 ათას ლარს სთხოვდა, რისი საშუალებაც აქაურებს არ ჰქონდა. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ეს ვითარება სასიკეთოდ შეიცვალა, ადამიანებმა სახელმწიფოს ხელშეწყობით უფასოდ დაირეგისტრირეს მიწები…

GUARDIANGE-ის ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიხანი

მოკლედ, ამ დადებითი ტენდენციის შედეგად, გაიზარდა სოფელი, და შესაბამისად, გაიზარდა მოსწავლეთა რაოდენობაც“, – უთხრა ახალი ამბების სააგენტო GUARDIANGE-ის სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლის დირექტორმა, ამირან გაბაიძემ (შენიშვნა: ინტერვიუ ჩაწერილია 2026 წლის 6 ოქტომბერს სოფელ ხიხანის საჯარო სკოლაში).

დირექტორი სიამაყით აცხადებს, რომ ხიხანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება მაღალია და სკოლის დასრულების შემდეგ, მათი დიდი ნაწილი უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძობს სწავლას.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლის დირექტორი ამირან გაბაიძე

„საამაყო ფაქტია, რომ 2 წლის წინ ჩვენი სკოლის 7 კურსდამთავრებულიდან შვიდივემ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა. საერთოდაც, უნდა ითქვას, რომ ჩვენი სკოლის არაერთი აღზრდილი დღეს უკვე თბილისში, მარნეულში სხვადასხვა ორგანიზაციაშია დასაქმებული, მაგრამ გული მწყდება იმაზე, რომ სამწუხაროდ, არც ერთ მათგანს არ აურჩევია პედაგოგის პროფესია და არავინ დაბრუნებულა სკოლაში მასწავლებლის რანგში. ალბათ ამის მიზეზი მასწავლებელთა დაბალი ხელფასია. მიუხედავად იმისა, რომ 2 წლის წინ საკმაოდ გაიზარდა ხელფასი, როგორც ჩანს, ეს მაინც არ არის საკმარისი მოტივაცია დღევანდელი თაობისთვის. ვფიქრობ, თუკი საგანმანათლებლო სფეროში ხელფასი საგრძნობლად მოიმატებს, მასწავლებლის პროფესია უფრო მოთხოვნადი და პრესტიჟული გახდება“, – აღნიშნა ამირან გაბაიძემ.

დირექტორი ამბობს, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით პრობლემური გახდა ახალი კადრების მოძიება და ხიხანის საჯარო სკოლამაც საკუთარ თავზე იწვნია ეს. ამასთან, დირექტორი კმაყოფილებას გამოხატავს თავისი პედაგოგიური კოლექტივის საქმიანობით და დასძენს, რომ წარმატების მოსაპოვებლად აუცილებელია სკოლაში ჯანსაღი გარემო სუფევდეს.

„პედაგოგები ერთსულოვანი არიან სკოლის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაში. რომ ვიტყვით, რომ სკოლაში არის რაღაცის გაკეთების აუცილებლობა, უმეტესწილად ერთსულოვნება სუფევს. ჩვენი პედაგოგების ძირითადი ბირთვი ადგილობრივებისაგან შედგება, მაგრამ ამავე დროს 2 მასწავლებელი თბილისიდან გვყავს, ერთი რუსთავიდან, ერთი კახეთიდან, მარადისის და შაუმიანის სკოლიდანაც გვყავს მასწავლებლები.

„განსაკუთრებით გამიჭირდა ფიზიკის მასწავლებლის თანამდებობაზე კადრის აყვანა, რადგან არაერთხელ გამოცხადებულ ვაკანსიაზე სურვილი არავის გამოუთქვამს. სამწუხაროდ, ისეთ საგნებში, როგორიცაა ფიზიკა, მათემატიკა, უფროსი თაობის პედაგოგების სკოლიდან წასვლის შემდეგ, ვაკანსიების შევსება ძალზე ჭირს. ვფიქრობ, მომავალში ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაღრმავდება. ამიტომ, ამაზე სერიოზული დაფიქრება გვმართებს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლა

„მიმაჩნია, რომ მასწავლებლის ხელფასი უნდა გაიზარდოს, რათა მას მეტი საათების აღების სურვილი არ ჰქონდეს. მთავარი უნდა იყოს სწავლების ხარისხსი და არა საათების რაოდენობა. თუ მოხდება ისეთი მოდელის დანერგვა, რომ ხელფასი მაღალი იქნება, დატვირთვა კი ნაკლები, დამერწმუნეთ, სწავლების ხარისხი უფრო ამაღლდება. ხელფასის გაზდით აგრეთვე გაიზრდება მასწავლებლის მოტივაცია, უფრო კარგად ასწავლონ მოსწავლეებს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჩვენთან მაინც უკეთესი მდგომარეობაა იმ მხრივ,  რომ გაკვეთილებზე 7-8 მოსწავლეა და მასწავლებლებს მეტი დრო აქვთ მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობისთვის“, – განაცხადა ამირან გაბაიძემ.

დირექტორი სახელმძღვანელოების შერჩევაზეც აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ ერთი და იმავე ავტორის წიგნების დანერგვა სახელმწიფოს უფრო ადრე უნდა დაეწყო.

„ხშირად ჩვენს სკოლაში გადმოდიოდნენ მოსწავლეები, რომლებიც სხვა ავტორების სახელმძღვანელოებით სწავლობდნენ, ჩვენთან სხვა წიგნები ხვდებოდათ და აცდენილი იყვნენ პროგრამას. ამან განაპირობა იმ მოსწავლეების კონტინგენტის შემცირება, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში მიდიან. მოსწავლეებს არ ჰქონდათ გავლილი იმ ავტორების წიგნები, რაც უმაღლესი სასწავლებლების საგამოცდო ტესტებში იყო შეტანილი. ეს კი დიდ დაბრკოლებას ქმნიდა მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. ახლა უკვე ახალი სახელმძღვანელოები გვაქვს მე-7 და მე-10 კლასში, ეტაპობრივად სხვა კლასებშიც იგივე პროცესი განვითარდება და მივიღებთ ყველა სკოლაში ერთ სახელმძღვანელოს, რაც დადებითი მოვლენაა“, – აცხადებს დირექტორი.

ბატონი ამირან გაბაიძე დღემდე ერთგული რჩება ახალგაზრდობაში არჩეული პროფესიის და ამბობს, რომ ერთი წუთითაც არ ნანობს მასწავლებლის პროფესიის საპატიო ტვირთის ტარებას.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლის დირექტორი ამირან გაბაიძე

„არასდროს მინანია პედაგოგის პროფესიის არჩევა. თავიდან რომ მქონდეს არჩევანის გაკეთების საშუალება, იგივე გზას გავყვებოდი. როცა ბავშვებთან გაქვს საქმე, ყოველდღიურად ახალ სასიცოცხლო ძალას იღებ. იმხელა ენერგიას გაძლევენ ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მოსწავლეები, რომ ამას ვერაფერი შეედრება. ვერ წარმომიდგენია მათ გარეშე ცხოვრება. სკოლა, ეს არის დადებითი ენერგიის წყარო, ეს არის სიცოცხლისთვის განსაკუთრებული საზრისის მიმნიჭებელი. მასწავლებელი, ზედმეტი სიტყვებისა თუ რჩევა-დარიგებების მიცემის გარეშე, თავისი ქცევით უნდა ქმნიდეს მისაბაძ მაგალითს. ის მოსწავლისთვის ავტორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. არანაირი სინანულის გრძნობა არ გამჩენია იმის გამო, რომ ეს პროფესია ავირჩიე. კმაყოფილი ვარ ჩემი განვლილი გზით და ცხოვრებით“, – ამბობს GUARDIANGE-ისთან საუბრისას ამირან (რეზო) გაბაიძე.

 

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები