საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წინა წელთან შედარებით 50.5%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს 8.17 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია

2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წინა წელთან შედარებით 50.5%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 8.17 მლრდ აშშ დოლარს, მიაღწია. წინა თვესთან შედარებით საერთაშორისო რეზერვების დონემ 26.5 მლნ აშშ დოლარით მოიმატა. გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლებიც. საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მიმდინარე დონე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით განსაზღვრულ (ARA metric) ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს აღემატება და 128.7%-ს შეადგენს.

საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. სწორედ აქედან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია  რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკის შედეგად, ბოლო ორ წელიწადში, 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, რეზერვების მოცულობა გაორმაგდა. 2026 წლის განმავლობაში, სავალუტო ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას ახორციელებს და 2026 იანვარ-აგვისტოში ჯამურად წმინდა შესყიდვებმა 3,122.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო, 2026 წლის სექტემბრის წმინდა შესყიდვების სტატისტიკა 26 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს სებ-მა რეზერვების დივერსიფიკაციის მიზნით ოქროში პირველი ინვესტიცია განახორციელა, ხოლო 2026 წლის ივნისში დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. მას შემდეგ ოქროს ფასის მნიშვნელოვანმა ზრდამ საერთაშორისო რეზერვების მატებაში წვლილი შეიტანა. სექტემბრის მდგომარეობით, მონეტარული ოქროს მოცულობა 1,051.8 მლნ აშშ დოლარს, მთლიანი რეზერვის 12.9% შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 6 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები