თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმში მომხდარ არეულობაზე: ეს ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელია, ჩვენმა კოლეგებმა დაიბარეს საქართველოს ელჩი ანკარაში, გამართეს დისკუსიები და მისცეს საჭირო გაფრთხილებები

„ეს ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელია. ეს არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დონეს. ჩვენ არ შეგვიძლია შევეგუოთ, რომ ჩვენ გულშემატკივრებს ასე მოექცნენ“, – განაცხადა ბათუმში 26 ნოემბერს, სტადიონზე მომხდარი არეულობის შესახებ კომენტირებისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა.

„დაუყოვნებლივ დავურეკე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენ ასევე პირდაპირ კავშირში ვიყავით ჩვენს ელჩთან და გენერალურ კონსულთან ადგილზე. ჩვენი მთავარი მიზანი იყო სიტუაციის დეესკალაცია და იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენი არცერთი მოქალაქე არ ყოფილიყო დაკავებული, დაშავებული ან არ მიეღო საჭირო დახმარება. ამასთან დაკავშირებით ყველა საჭირო ზომა მიღებული იყო. ამავდროულად, როგორც იცით, ჩვენი სხვა სამინისტროებიც ჩაერთნენ. ჩვენმა კოლეგებმა ინტენსიურად იმუშავეს. ჩვენმა კოლეგებმა დაიბარეს საქართველოს ელჩი ანკარაში, გამართეს დისკუსიები და მისცეს საჭირო გაფრთხილებები. ვფიქრობ, მათ გაიგეს ჩვენი გზავნილები ამ საკითხთან დაკავშირებით“ – აღნიშნა ჰაქან ფიდანმა.

თურქული მხარის განცხადებით, მოელიან, რომ საქართველო სრულყოფილად გამოიძიებს მომხდარს და თურქეთის მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შესაბამისი ზომები გატარდება.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები