„20 ლარი პენსიონერს, 1080 ლარი დეპუტატს.
ეს უკვე უბრალოდ უსამართლო პრიორიტეტი აღარ არის. ეს არის ამორალური დამოკიდებულება ადამიანების მიმართ.
2027 წელს 70 წლამდე პენსიონერებს პენსია მხოლოდ 20 ლარით ეზრდებათ, 70 წელს გადაცილებულებს – 50 ლარით.
ამავე დროს, რიგითი დეპუტატების ისედაც სამჯერ გაზრდილი ხელფასი კიდევ 1080 ლარით იზრდება, თანამდებობის მქონე “რჩეულებსის”კი-უფრო მეტად.
ანუ რიგითი დეპუტატის ხელფასი 54-ჯერ უფრო მეტად იზრდება, ვიდრე 70 წლამდე პენსიონერის პენსია.
პენსია რომ დეპუტატის ან მინისტრის ხელფასს ვერ გაუტოლდება, ამაზე არავინ დავობს. საკითხი სხვა რამეა: რამდენად სამართლიანია სხვაობა და როგორ ნაწილდება ეკონომიკური ზრდის შედეგი საზოგადოებაში.
ამის შესაფასებლად ორი მარტივი კრიტერიუმი არსებობს:
1.რამდენად იზრდება სხვადასხვა ჯგუფის შემოსავალი ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით;
2.რამდენჯერ აღემატება მაღალჩინოსნის ან დეპუტატის შემოსავალი ქვეყანაში არსებული საშუალო პენსიის ოდენობას.
საქართველოში პარლამენტის რიგითი წევრის ხელფასი დაახლოებით 30-ჯერ აღემატება პენსიონერის საშუალო პენსიას.
შევადაროთ სხვა ქვეყნებს.
უნგრეთში დეპუტატის ხელფასი საშუალო პენსიას დაახლოებით 10-ჯერ აღემატება, გერმანიაში-7-ჯერ, იტალიაში-6-ჯერ, ნიდერლანდებში-6-ჯერ, ირლანდიაში-5-ჯერ, ავსტრიაში-5-ჯერ, საფრანგეთში-5-ჯერ, ბელგიაში-5-ჯერ, პორტუგალიაში-4-ჯერ, ფინეთში-4-ჯერ, შვედეთში-4-ჯერ, დანიაში-4-ჯერ.
საქართველოს მსგავსი თანაფარდობა აქვს ოკუპანტ რუსეთს – იქ დეპუტატის შემოსავალი საშუალო პენსიას დაახლოებით 24-ჯერ აღემატება.
სხვათა შორის, უნგრეთში, სადაც ეს თანაფარდობა საშუალოევროპულზე მაღალი იყო, ახალმა ხელისუფლებამ დეპუტატების ხელფასები 40 პროცენტით შეამცირა, მინისტრებს კი ხელფასები გაუნახევრა.
ჩვენთან კი საპირისპირო ხდება.
და ეს ყველაფერი იმ ქვეყანაში, სადაც პენსიონერისთვის რამდენიმე ათეული ლარი რეალური ფულია.
„ოცნების“ ხელისუფლების დეგრადაციამ იმ დონეს მიაღწია, რომ უკვე, საერთოდ აღარ ადარდებთ, რას იტყვის ხალხი.
2027 წლის ბიუჯეტით მაღალჩინოსნების ხელფასების ასეთი თავხედური ზრდა უბრალოდ ცუდი ეკონომიკური პრიორიტეტი კი არ არის. ეს არის საზოგადოებისადმი უპატივცემულობის დემონსტრირება, მისი აბუჩად აგდება“, – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

