„სენსაცია! ეს ისტორია ცოტა ვინმემ იცის.
ივანიშვილის გამოჩენამდე, არავის არ მოუტანია იმხელა ზარალი საქართველოსთვის, როგორც ეს გააკეთა როსტომ ხანმა, მე-17 საუკუნეში, შაჰ-აბასის მიერ დანიშნულმა საქართველოს მმართველმა.
როსტომი იყო ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი, რომელიც ჩავიდა სპარსეთში, მიიღო ისლამი და შაჰ აბას პირველს შეჰფიცა ერთგულება. შაჰმა ის ისპაჰანის გუბერნატორად დანიშნა, სადაც როსტომმა დიდი ავლადიდება მოიპოვა.
ამის შემდეგ, შაჰ აბას მეორემ, ის დანიშნა შაჰის ნაცვალად საქართველოში. როსტომი დიდი გულმოდგინებით შეუდგა სპარსეთის პოლიტიკის გატარებას საქართველოში. ყველა საკითხი მკაცრად თანხმდებოდა “ყეენთან”. დაიწყო საქართველოს ირანიზაცია.
პირველ რიგში მან დაიწყო მაშინდელი დიდებულების მოქრთამვა. ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა – გაუგზავნა ყველა დიდებულის ცოლს სპარსული ხალათები, პარალელურად, ანჩისხატის და სიონს შორის აიშენა სასახლე, სადაც მოაწყო გარყვნილების ბუდე, გახსნა საროსკიპოები, მუდმივად იწვევდა ქართველ დიდებულებს, იყო დიდი ლოთობა, მოიხმარდნენ დიდძალ ნარკოტიკს და ერთობოდნენ როსტომთან შეკრებილ მხევლებთან.
ასევე, როსტომი მუდმივად ყიდულობდა ძალიან ბევრ ადამიანს, რათა ისინი თეიმურაზ მეფეს შეწინააღმდეგებოდნენ პრო-ქართული პოლიტიკის გატარებაში. ასევე ძალიან ფართოდ ატარებდა რეპრესიებს – პატრიარქი ევდემოსი, რომელმაც აღშფოთება გამოთქვა გარყვნილებით და ხალხის ირანულ ყაიდაზე მოქცევის მცდელობისთვის, ნარიყალას ციხეში, როსტომის ბრძანებით მოკლეს და გადმოაგდეს იქიდან.
როსტომმა 93 წელი იცოცხლა და უზარმაზარი ზიანის მოტანა მოასწრო ქართველების მორალისთვის და თვითშეფასებისთვის. მისი სიკვდილის შემდეგ მოხდა ქართლ-კახეთის ცნობილი აჯანყება, რომლის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ბიძინა ერქვა.
ოღონდ ამ ბიძინას, იმ ქართველ პატრიოტთან, ბიძინა ჩოლოყაშვილთან არაფერი საერთო არ აქვს. სამაგიეროდ ძალიან ჰგავს როსტომ ხანს, როგორც როსტომი გამდიდრდა დამპყრობლის კარზე, რომელმაც შემდეგ გამოაგზავნა საქართველოს დასამონებლად, აქაც დაუპირისპირდა ქართველ პატრიოტებს და როგორც როსტომმა სცადა ქართველების გენეტიკური კოდის გამოცვლა, ივანიშვილი ცდილობს ქართველები გარყვნას კაზინოებით, ქოლ-ცენტრებით, ნარკოტიკებით, ხელი ააღებინოს ბრძოლაზე.
დამპყრობლის დავალებით ატარებს უმძიმეს რეპრესიებს, როგორც როსტომი ცდილობდა მოვექციეთ ირანულ ყაიდაზე, ასევე ეს ცდილობს მოგვაქციოს რუსულ ყაიდაზე, დაგვაბრუნოს რუსულ ორბიტაზე და რა თქმა უნდა, როგორც როსტომ ხანი ყიდულობს ყველას, ესეც ყიდულობს ყველას წითელი ინტელიგენციით დაწყებული და პარტიებით დამთავრებული.
და არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საერთო ამ ორ მაოხრებელ მოღალატეს შორის. ხოდა აქ გვაქვს საქმე სენსაციურ დამთხვევასთან. როსტომ ხანის სასახლე, აი ის რომელიც მე-17 საუკუნეში ქართველების გარყვნილებაში ჩართვის ფაბრიკა იყო, არის პირველი შენობა რომელიც ივანიშვილმა იყიდა საქართველოში და სწორედ იქ განათავსა „ოცნების“ შტაბ-ბინა და ახლა კი ბერას ბიზნესი, რომლიდანაც, როგორც ამბობენ, იმართება ქოლ-ცენტრები და ქუჩის დანაშაული, მათ შორის ფეიქრიშვილების ციხეში წამება. მართლაც რომ ერთ უბედურ წრეზე ვტრიალებთ“, – წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

