საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
მინისტრმა მასწავლებლებს პროფესიისადმი ერთგულებისა და მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
გივი მიქანაძემ პედაგოგებსა და დამსწრე საზოგადოებას ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, განხორციელებული ინიციატივები და სამომავლო გეგმები გააცნო.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა PISA-ს 2025 წლის საერთაშორისო კვლევაში საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე და ამ კუთხით პედაგოგების მნიშვნელოვან როლსა და დამსახურებას გაუსვა ხაზი.
ღონისძიებას ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სასკოლო საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება საქართველოს ყველა რეგიონში იმართება. ინიციატივა პედაგოგების მრავალწლიანი შრომის დაფასებას, მათი პროფესიული საქმიანობის აღიარებასა და წახალისებას ემსახურება.

