89 წლის მასწავლებელი შირვან ალიევი: ჩემო დედასამშობლო, საქართველო, მიყვარხარ!.. როგორც საქართველოშია დაცული აზერბაიჯანული ეთნოსის რელიგიური სიწმინდეები, ისე აზერბაიჯანის ოფიციალური ხელისუფლებაც ვალდებულია იგივე გააკეთოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ქართული სიწმინდეების მიმართ

„მე, შირვან ალიევი, ეთნიკური აზერბაიჯანელი, თელავის საპატიო მოქალაქე, სპეციალობით ქართული ენის, ლიტერატურის და ისტორიის სპეციალისტი, 89 წლის, მცხოვრები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, ამჟამად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, სასწავლო ნაწილის გამგე, გულგრილი ვერ და არ დავრჩები იმ მოვლენების მიმართ, რაც როგორც აზერბაიჯანელ, ისე ქართულ პრესაში და სოციალურ სივრცეში მიმდინარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საინგილოში არსებულ ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით. მე და საქართველოში მცხოვრებმა მრავალმა ათასმა აზერბაიჯანელმა დანამდვილებით არ ვიცით თუ რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მე მკაცრად ვაფიქსირებ, რომ როგორც საქართველოშია დაცული აზერბაიჯანული ეთნოსის რელიგიური სიწმინდეები, ისე აზერბაიჯანის ოფიციალური ხელისუფლებაც ვალდებულია იგივე გააკეთოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ქართული სიწმინდეების მიმართ და მავანს არ მისცეს საბაბი ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის დათესოს თუნდაც პატარა უნდობლობა და გაუგებრობა. ჩემი ღრმა რწმენით, ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს და მათ მთავრობებს შესწევთ ძალა და სურვილი, რომ ობიექტურად, საქმის ცოდნით და მომავალზე ორიენტირით მოაგვარონ ყოველგვარი, თუნდაც პატარა გაუგებრობა. როგორც შინაურებმა, ისე გარეულებმა უნდა გაიგონ, რომ სამხრეთ კავკასიის ამ ორი ერის სტრატეგიული მოკავშირის კავშირი და მეგობრობა მარადიულია და მას ვერავინ ვერ დააზიანებს. ჩემო დედასამშობლო, საქართველო, მიყვარხარ!“ – წერს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, სასწავლო ნაწილის გამგე, 89 წლის პედაგოგი, შირვან ალიევი, სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები