ნენსი კისინჯერი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის მეუღლე, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

ნენსი კისინჯერი, აწ გარდაცვლილი ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის მეუღლე, 20 აგვისტოს, საუთ კენტში, კონექტიკუტის შტატში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ის 92 წლის იყო.

კისინჯერის გარდაცვალების შესახებ, მისი ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით, პირველად New York Times-მა განაცხადა.

„ნენსი კისინჯერი იდეებისა და ხედვების გენიოსი იყო და თავისი ნიჭი მან მთელი ცხოვრების განმავლობაში მთავრობის სასარგებლოდ მუშაობასა და ქველმოქმედებას მოახმარა- როგორც ჰენრის ყველაზე ღირებულმა და სანდო მრჩეველმა“, – დაწერა ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკ ბლუმბერგმა X-ზე.

„ის იყო უმაღლესი დონის დიპლომატი – ისეთივე ბრძენი, როგორც ფრთხილი – და მე ვიცი, რამდენად აღფრთოვანებული იყო ჰენრი მისით და უყვარდა იგი“, – დასძინა ბლუმბერგმა. „მე და დიანას გაგვიმართლა, რომ მას ძვირფას მეგობარს ვუწოდებდით და მომსწრე ვიყავით მათი არაჩვეულებრივი პარტნიორობისა ათწლეულების განმავლობაში“

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არასდროს ყოფილა აშშ-ის დიპლომატი, კისინჯერი ხშირად ახლდა ქმარს რუსეთში, ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში დიპლომატიურ მისიებში და მასთან ერთად ჩნდებოდა გავლენიან მსოფლიო ლიდერებთან ერთად ფოტოსესიებში.

წყვილი, რომელსაც შვილები არ ჰყავდათ, „რესპუბლიკური“ ადმინისტრაციის დროს ასევე ხშირად ესწრებოდნენ სახელმწიფო ვახშმებს, საელჩოების ღონისძიებებსა და თეთრ სახლში მიღებებს.

ნენსი კისინჯერი ქმრის მხურვალე დამცველი იყო.

1982 წელს ნიუარკ ლიბერთის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ერთ-ერთ ცნობილ ინციდენტში, სავარაუდოდ, ნენსი კისინჯერმა ყელში ჩაავლო ხელი მამაკაცს, რომელიც მის ქმარს შეურაცხყოფდა და გააფრთხილა: „გინდა, დაგარტყა?“

მოგვიანებით მოსამართლემ, წვრილმან ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ნენსი კისინჯერი გაამართლა და დაადგინა, რომ მისი ქმედება „იყო სპონტანური, გარკვეულწილად ადამიანური რეაქცია შეურაცხმყოფელ განცხადებაზე, ასევე შეშფოთება ქმრის მდგომარეობის გამო“.

ინციდენტის დროს წყვილი ბოსტონში მიემგზავრებოდა, სადაც მის ქმარს გულის ოპერაცია უნდა ჩაეტარებინა.

თითქმის 6 ფუტის (182,8სმ) სიმაღლის კისინჯერი თავის ქმარსა და ბევრ მსოფლიო ლიდერზე ლამის ერთი თავით მაღალი იყო.

ჩინელი დიქტატორი მაო ძედუნი გაოცებული იყო მისი სიმაღლით 1975 წელს ჩჟონნანჰაიში გამართულ შეხვედრაზე, რომლის კადრებიც ბოლო წლებში ვირუსულად გავრცელდა

კისინჯერები 1974 წელს დაქორწინდნენ, როდესაც ჰენრი სახელმწიფო მდივანი იყო, ხოლო ნენსი ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორის, ნელსონ როკფელერის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, რომელმაც ისინი ერთმანეთს გააცნო.

ნენსი კისინჯერს, რომელიც 1934 წელს მანჰეტენზე დაიბადა და მისი სახელი გვარი იყო ნენსი შერონ მაგინსი, ორი ნაშვილები შვილი და ხუთი შვილიშვილი დარჩა.

მისი მეუღლე, ჰენრი კისინჯერი, რომელიც ნიქსონისა და ფორდის ადმინისტრაციების დროს მსახურობდა, 2023 წლის ნოემბერში, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღასანიშნავია, რომ ჰენრი კისინჯერი სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა აქტიურ ცხოვრებას.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები