კიმ ჩენ ინთან „ძალიან კარგი ურთიერთობის“ გამო, ტრამპი „მნიშვნელოვნად შეამცირებს“ სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს და მიანიშნებს სეულს, რომ ეს ირანის ომში მის ჩართვაზე უარმაც განაპირობა

GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ „მნიშვნელოვნად შეამცირებს“ სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს და ამას, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან „ძალიან კარგ ურთიერთობას“ უკავშირებს.

მან ასევე Truth Social-ში აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეამ ცოტა ხნის წინ უარი თქვა შეერთებოდა აშშ-ს ირანის „ბირთვული განიარაღების“ პროცესში.

„ეს წვრთნები არა მხოლოდ ძვირია, რადგან ამ ხარჯების დიდ ნაწილს ამერიკის შეერთებული შტატები ფარავს (როგორც ყოველთვის!), არამედ აგზავნის სრულიად შეუფერებელ და მტრულ სიგნალს“, – დაწერა ტრამპმა.

როგორც BBC იტყობინება, სეულმა განაცხადა, რომ განიხილავს ტრამპის კომენტარებს და იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობა მნიშვნელოვან მოლაპარაკებებამდე მიგვიყვანს. ფხენიანს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

მანამდე, სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ აშშ-სთან ერთად წვრთნები „გეგმის მიხედვით“ წარიმართებოდა.

ყოველივე ამას წინ უძღოდა ჩრდილოეთ კორეის მიერ აგვისტოს დასაწყისში ბალისტიკური რაკეტების გამოცდა, რომლებიც გაეროს მიერ აკრძალულია.

16 აგვისტოს, სოციალურ ქსელში ტრამპმა დაწერამ რომ „გაუქმება უკვე მეტისმეტად დაგვიანებული იყო, რადგან აშშ და სამხრეთ კორეა 17 აგვისტოს ყოველწლიურ სამხედრო წვრთნებს იწყებდნენ.

მან დასძინა: „მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად არ არის დაკავშირებული (?), ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ვკითხე, სურდათ თუ არა მათ ჩვენთან შემოერთება ირანის ისლამური რესპუბლიკის ბირთვულ განიარაღებაში და მათ მიპასუხეს: „არა, გმადლობთ!““

ტრამპის განცხადება 24 საათზე ნაკლებ დროში გაკეთდა მას შემდეგ, რაც მან გამოაქვეყნა თავისი და კიმ ჩენ ინის 2019 წლის ძველი ფოტო და დაწერა, რომ ისინი კარგი მეგობრები იყვნენ – „მიუხედავად ამ კონკრეტულ სურათზე არამეგობრული გამომეტყველებისა“.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ გააგრძელებს დიპლომატიურ კონსულტაციებს აშშ-კორეის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით და განიხილავს შეერთებულ შტატებთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების დეტალებს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ერთობლივი სამხედრო წვრთნების შეჩერებას შესაძლოა მაღალი ხარჯები და შედარებით მცირე სარგებელი მოჰყვეს.

„აშშ-სამხრეთ კორეის კომბინირებული თავდაცვითი წვრთნები აუცილებელია იმისათვის, რომ სამხედრო ძალები მზად იყვნენ და შეძლონ თავიანთი მოვალეობის შესრულება“, – განაცხადა სეულის ევჰას უნივერსიტეტის პროფესორმა ლეიფ-ერიკ ისლიმ.

„მათი შემცირებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ალიანსის კოორდინაციას, შეანელოს სამხრეთ კორეის მიერ საკუთარი თავდაცვისთვის მეტი პასუხისმგებლობის აღების პროცესი და შეასუსტოს აზიაში შესაძლო კონფლიქტების შეკავების უნარი.“

„წვრთნების შემცირებით მიღებული ხარჯების დაზოგვა უმნიშვნელოა, ხოლო ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობებისთვის დიპლომატიური სარგებელი საეჭვოა.“

გასულ კვირას აშშ-სა და სამხრეთ კორეის სამხედრო ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც „ულჩის თავისუფლების ფარის“ შესახებ განაცხადეს.

(რედაქციის შენიშვნა: „ულჩის თავისუფლების ფარი“ ყოველწლიური მასშტაბური ერთობლივი სამხედრო წვრთნებია, რომელსაც სამხრეთ კორეა (კორეის რესპუბლიკა) და ამერიკის შეერთებული შტატები ატარებენ. ის აერთიანებს „ულჩის“ – ძველი კორეელი გენერლის, ეულჯი მუნდეოკის, სახელს, რომელმაც მე-7 საუკუნეში ჩინეთის მასობრივი თავდასხმა დაამარცხა – და „თავისუფლების ფარს“, რაც აღნიშნავს თავდაცვის მზადყოფნას და მოკავშირეების ერთობლივ ვალდებულებას, დაიცვან სამხრეთ კორეა რეგიონული საფრთხეებისგან.

მუნდეოკი კორეის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს სამხედრო სტრატეგად ითვლება მასობრივი უცხოური შემოჭრის დროს ბრწყინვალე ტაქტიკის გამოჩენისა და ტაქტიკური უკან დახევით მტრის დამარცხების გამო. მისი სახელი სამხრეთ კორეაში ეროვნული თავდაცვის, მდგრადობისა და სამხედრო მზადყოფნის სიმბოლოდ გამოიყენება).

აშშ-სა და სამხრეთ კორეის სამხედრო ლიდერების თქმით, 11-დღიანი ღონისძიება წინა წლების მსგავსი მასშტაბის იქნება და მასში დაახლოებით 18 000 სამხრეთ კორეელი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.

პრესკონფერენციის დროს სამხედრო ლიდერებმა ასევე ახსენეს ჩრდილოეთ კორეის მიერ ჯარების განლაგება რუსეთის ომის მხარდასაჭერად უკრაინის წინააღმდეგ.

აშშ-ის სამხედრო პრესსპიკერმა რაიან დონალდმა განაცხადა, რომ მათი ერთობლივი „წვრთნები ამ საფრთხეს ითვალისწინებს“, რაც ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ბრძოლის ველიდან დაბრუნებას გულისხმობდა. სამხრეთ კორეაში დაახლოებით 28 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა განლაგებული.

14 აგვისტოს, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ერთობლივი სამხედრო წვრთნები და მას „აგრესიული ომის რეპეტიცია“ უწოდა.

ერთობლივი წვრთნები რამდენიმე დღეში ტარდება მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეამ, აშშ-მ და იაპონიამ ჩრდილოეთ კორეის მიერ მცირე დროის ინტერვალით მეორე რაკეტის გამოცდა დააფიქსირეს.

ფხენიანმა დააჩქარა ძალისხმევა ბირთვული და სარაკეტო პროგრამების გაფართოების მიმართულებით მას შემდეგ, რაც 2019 წელს თეთრ სახლში პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში კიმისა და ტრამპის მაღალი დონის დიპლომატიური ურთიერთობა ჩაიშალა.

ტრამპი, 7 წლის წინ, პირველი მოქმედი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა, რომელმაც ფეხი დადგა ჩრდილოეთ კორეაში.

როგორც BBC შენიშნავს, სეულისთვის ტრამპის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადება ორაზროვანი გზავნილია. ერთი მხრივ, ისინი ტრამპს ფხენიანთან ურთიერთობას სთხოვენ და აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება იმედს აჩენს, რომ ის კიმს მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნებს.

თუმცა, ტრამპი ასევე მიანიშნებს, რომ ის უკმაყოფილოა სამხრეთ კორეის ირანთან აშშ-ის საომარ მოქმედებებში პირდაპირი სამხედრო ან ლოგისტიკური წვლილის შეტანის სურვილის არქონით.

მან ასევე გამოთქვა უკმაყოფილება სხვა მოკავშირეების, მათ შორის იაპონიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს მიმართ, კონფლიქტში ჩარევის ყოყმანის გამო.

ტრამპის ნაბიჯი სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების შემცირების შესახებ უპრეცედენტო არ არის.

მან წვრთნები მთლიანად შეაჩერა 2018 წელს, კიმთან ბირთული განიარაღების მოლაპარაკებების დროს. მან იმ დროს განაცხადა, რომ ყოველწლიური წვრთნები „პროვოკაციული“ იყო ჩრდილოეთ კორეის მიმართ და „საომარი თამაშების“ შეწყვეტა აშშ-ს „უზარმაზარ თანხას“ დაზოგავდა.

წვრთნები კვლავ შემცირდა 2020 წელს Covid-19 პანდემიის დროს.

პროგნოზირებული იყო, რომ პრეზიდენტი ტრამპი შეაჩერებდა ან შეამცირებდა აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივ წვრთნებს, ან თუნდაც შეამცირებდა აშშ-ის ჯარების რაოდენობას კორეაში.

გასულ კვირას სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა შესთავაზა მოლაპარაკებები მის ჩრდილოელ მეზობელს ორ ქვეყანას შორის ომის ოფიციალურად დასრულების შესახებ, რომელიც ტექნიკურად ჯერ კიდევ აქტიურია 1953 წელს ზავის ხელმოწერის შემდეგ.

ტრამპმა წარსულში არაერთხელ აღნიშნა, რომ აშშ სამხრეთ კორეის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სანაცვლოდ კი ბევრა არაფერს იღებს.

მან გააკრიტიკა ნახევარკუნძულზე განლაგებული ჯარების რაოდენობა და დახარჯული თანხები. ამან გაართულა ვაშინგტონის ურთიერთობა სეულთან, რომელიც ჯარებს აშშ-სთან ალიანსის ბირთვად მიიჩნევს.

წელს სეულმა დაძაბულობის განმუხტვა სცადა და აშშ-ში ინვესტიციებისთვის 350 მილიარდი დოლარი გამოყო. გასულ წელს კი პრეზიდენტმა ლი ჯე მიონგმა ტრამპი მშვიდობისმყოფელად გამოაცხადა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები