სერგეი ლავროვი: სახელმწიფო დეპარტამენტს არაერთი შეკითხვა გავუგზავნეთ, მათ შორის ფაქტზეც, რომ აშშ ჩართულია რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების დაგეგმვასა და განხორციელებაში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს არაერთი შეკითხვა გაუგზავნა, მათ შორის სადაზვერვო მონაცემების საკითხზე, და პასუხს ელოდება.

„ჩვენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს არაერთი შეკითხვა გავუგზავნეთ კომენტარისთვის, მათ შორის სადაზვერვო მონაცემების საკითხზეც და იმ ფაქტზეც, რომ აშშ  ჩართულია, მათ შორის, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ჩვენ პასუხს ველოდებით“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვი გაამკაცრებს ზომებს დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერის წინააღმდეგ.

„ჩვენ გავამკაცრებთ ჩვენს მეთოდებს, რათა გავანადგუროთ ყველაფერი, რაც კიევის საომარ მანქანას დასავლეთიდან კვებავს. ჩვენ ამას უკვე ვაკეთებთ“, – განაცხადა ლავროვმა.

ომის დასრულების პერსპექტივებზე საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამორიცხა საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებელი შეწყვეტა და აღნიშნა, რომ ცეცხლი მხოლოდ მას შემდეგ უნდა შეწყდეს, როცა უზრუნველყოფილი იქნება გრძელვადიანი, საიმედო და მდგრადი შეთანხმება.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები