ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: უსინდისო ტყუილია, რომ პარტია „ახალი“ გილაურის პროექტია, რომ გილაურმა კოალიციაში ათობით მილიონი მოიტანა, რომ გილაური ჩვენგან ითხოვდა არჩევნების შედეგების აღიარებას და პარლამენტში შესვლას, რომ გილაური არჩევნების შემდეგ გაქრა

„ბევრი სხვადასხვანაირი მიზეზის გამო არ ვპასუხობ ხოლმე ჭუჭყზე.

ხან ვხედავ რომ მეც ამოვიგანგლები და არ მინდა ხოლმე ეგრე დაბლა დაშვება, ხან მგონია რომ ვინც ასეთ ბოდვას დაიჯერებს, იმათ მაინც ვერაფერს გავაგებინებ ახსნით, ხან იმდენია ხოლმე საპასუხო რომ ყველა მონაჩმახზე პასუხის გაცემას დრო სჭირდება და ეს დრო მენანება.

ბოლო წლებია ამ მიზეზებს კიდევ ერთი დაემატა – რაღაცეებს ვერ ვამბობ, რადგან ამით შეიძლება ვიღაცა ან ვიღაცები, რომლებმაც რაღაცა გაიღეს რეჟიმთან ბრძოლაში, შეიძლება შარში ან დამატებით შარში გავხვიო.

გუშინ საღამოს რადიო თავისუფლებამ დადო მოკლე საგამძიებო ვიდეო იმის თაობაზე, როგორ დაუყადაღეს ყველაფერი ნიკა გილაურს და შპს-ზე არსებული დავის ფარგლებში როგორ გაუყიდეს აუქციონზე პირადი ქონება (სახლი).

რამდენიმე რამის თქმა მინდა იმ სამარცხვინო ჭორების საპასუხოდ, რომლებსაც დღეებია ვკითხულობ.

ნიკა გილაურს არ ვიცნობ ახლოს, ის არ ყოფილა ჩემი მეგობარი, მე მასთან არასოდეს მიმუშავია. ჩვენი ურთიერთობა შემოიფარგლება წლების განმავლობაში სულ რამდენიმე შეხვედრით, რომელთა უმეტესობაც იმაზე კამათში გავატარეთ, რაში უნდა ერეოდეს სახელმწიფო და რაში არა, საჭიროა თუ არა ინფლაცია ან როგორი უნდა იყოს მონეტარული პოლიტიკა. რამდენჯერმე დამხამრებია ფინანსურად, მათ შორის კოალიციის შექმნამდეც, ისე როგორც ბევრი სხვა ადამიანი დამხმარებია და მეხმარება ახლაც. არასოდეს რაიმე ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ არ გვქონია. ჩემს წარმოდგენაში ის არის იშვიათი უნარების ადამიანი, რომელმაც ზეპირად იცის პეკინიდან თბილისამდე სად რა მარხია მიწაში, რა ფასში და რა გზებით შეიძლება ამ ყველაფრის თბილისამდე მოტანა, ისევე როგორც თბილისიდან ლოს ანჟელესამდე ამ დამარხულიდან ვის რა აინტერესებს და რაში რამდენის გადამხდელია. თუ გაინტერესებს, ამაზე შეუძლია საათობით გელაპარაკოს. ასევე, მზის სათვალეს თუ გაიკეთებ და იტყვი ალონზო მოზლი, ხარხარით წამოხტება და იყვირებს FBI, ალონზო მოზლი!

სულ ეს ვიცი მასზე.

ახლა ტყუილების კასკადზე:

1.უსინდისო ტყუილია, რომ პარტია ახალი გილაურის პროექტია. ახალი შეიქმნა გილაურის გამოჩენამდე და მე და ლაკას შესაძლო კოალიციაზე კომუნიკაცია და ურთიერთობა ნიკა მელიასთან და ნიკა გვარამიასთან, როგორც პარტია ახალის თანათავმჯდომარეებთან გვქონდა გილაურის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე.

2.უსინდისო ტყუილია, რომ გილაურმა კოალიციაში ათობით მილიონი მოიტანა. არც ათობით მილიონი ყოფილა და არც გილაური ყოფილა რესურსის ერთადერთი წყარო კოალიციისთვის.

3.უსინდისო ტყუილია (მე ვიტყოდი ნაბიჭვრობა), რომ გილაური ჩვენგან ითხოვდა არჩევნების შედეგების აღიარებას და პარლამენტში შესვლას (ესაა მთავარი ტყუილი, რომლისთვისაც სხვა ტყუილები გახდა საჭირო). ამის ნაბიჭვრული გაგრძელებაა, რომ თითქოს ციხეში იმიტომ ჩაგვსვეს, რომ გილაურს არ დავუჯერეთ და ამით ირიბათ ბიძინა გადავაგდეთ.

4.უსინდისო ტყუილია, რომ გილაური არჩევნების შემდეგ გაქრა. გილაური, თავის მეგობრებთან ერთად, მთელი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერი იდგა რუსთაველზე, პირველი სკოლის წინ. ის საჯაროდ აკრიტიკებდა რეჟიმს. მან გააკეთა ფონდი, რომელიც ბევრს დაეხმარა, მანამ სანამ იმას დამრთებდნენ, რაც რადიო თავისუფლების ფილმშია.

ვიღაცა შეიძლება მეტს ელოდა ან მეტს ელოდეს მისგან, მაგრამ ეგ არაა აქ განხილვის საგანი. მხოლოდ ტყუილები.

და ბოლოს:

სინამდვილეში გილაური არაფერ შუაშია, მას სხვა მიზნისთვის გლაგნიან ტალახში. ეს პლინტუს დაბლა ქცევა პირდაპირი გაგრძელებაა იმ ბოდვის, თითქოს კოალიცია წინასაარჩევნოდ ხალხს ატყუებდა 4-იანი და 5-იანი ერთი და იგივეაო. ვიღაცებს, ვინც სხვებს მოუწოდებს საჯაროდ პარტიულობაზე მაღლა დადგომისკენ, დღემდე ყელში აქვს გაჩხერილი არა მხოლოდ ის, რომ ჩვენმა კოალიციამ სხვებთან შედარებით ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა იმ ვითომ არჩევნებზე (მართლა რა დროს ესაა ეს დედააფეთქებული?!), არამედ ისიც, რომ ის ერთადერთია წინასაარჩევნო კოალიციებიდან, რომელიც არ დაიშალა დღემდე“, – წერს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები