რომან გოცირიძე: ივანიშვილის მოთხოვნა, რომ ღარიბაშვილმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკას თავი დაანებოს, ბევრს ღიმილისმომგვრელად ეჩვენება – აბა, რა უნდა დაუშაოს ღარიბაშვილმა (ან ლილუაშვილმა) ივანიშვილსო. ეს ორი პირი არის ივანიშვილის პოლიტიკური ცხოვრების მატიანე და უზარმაზარი ინფორმაციის მატარებელი

„გუშინ ლილუაშვილისა და ღარიბაშვილის მიმართ გამოვიყენე სიტყვა „პოლიტპატიმარი“, რამაც კამათი გამოიწვია, ამიტომ მინდა დავაზუსტო ჩემი ნათქვამი.

სიტყვა „პოლიტპატიმარს“ ხშირად ვიყენებთ ფართო გაგებით და არა მისი ზუსტი იურიდიული დეფინიციიდან გამომდინარე. ასეთი იყო ჩემი პირველი რეაქცია ღარიბაშვილის წერილთან დაკავშირებით. რაც შეეხება ლილუაშვილს, მისი საქმე აშკარად თეთრი ძაფით ნაკერს ჰგავს. უფრო სწორი იქნებოდა გამომეყენებინა ტერმინი „პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების (ან შერჩევითი სამართლის) მსხვერპლი“. ვინაიდან ფეისბუკპოსტი იყო, დეფინიციებსა და იურიდიულ სიწმინდეს აღარ გამოვეკიდე.

შერჩევით სამართალთან გვაქვს საქმე მაშინ, როდესაც ხელისუფლება თვალს ხუჭავს თავისი გუნდის წევრების კორუფციაზე, ხოლო ოპოზიციონერს ან ხელისუფლების კრიტიკოსს რეალური, ანალოგიური ქმედებისათვის აპატიმრებს. იგივე ითქმის ხელისუფლების მაღალჩინოსანზეც, როდესაც მისი კორუფციული საქმიანობა შეუმჩნეველი რჩება (ან ზოგ შემთხვევაში პირდაპირ წახალისებულია), ვიდრე ეს პირი მმართველი კლანის ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურება. ისეთ რეჟიმებში, სადაც ყველაფერს ერთი კაცი განსაზღვრავს, ვითარება გაცილებით მძიმეა-მაღალჩინოსნის (თუნდაც უმაღლესი თანამდებობის პირის) დაპატიმრების მოტივი ბევრი შეიძლება იყოს, მათ შორის პირადი დამოკიდებულება ან შურისძიება.

დანაშაულის არსებობა პირს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, თუმცა თავად დევნის პროცესი მაინც პოლიტიკურად მოტივირებულად ითვლება.

ავტორიტარულ რეჟიმებში, დევნის გარდა, ყოველთვის სახეზეა სასჯელის პროპორციულობისა და სამართლიანი სასამართლოს პრობლემა. თუ რეალური კორუფციული დანაშაულით გამოწვეული ზიანი მცირეა, ხოლო შეფარდებული სასჯელი-არაპროპორციულად მკაცრი, ან თუ დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, საერთაშორისო ორგანიზაციებმა შესაძლოა მიუთითონ პროცესის პოლიტიკურ ხასიათზე. რეალური კორუფციული დანაშაულის არსებობა არ გამორიცხავს იმას, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა გამოყენებული იყოს პირადი და პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად.

ლილუაშვილსა და ღარიბაშვილთან დაკავშირებით ეს აშკარაა.

რაც შეეხება ტერმინ „პოლიტპატიმარს“, ამ ვითარებაში სჯობდა „პოლიტიკურად მოტივირებული“ დევნა გამომეყენებინა.

ის არგუმენტი, თითქოს რა პოლიტიკოსი ღარიბაშვილია, რა მხარდაჭერა შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებაში ან ბიძინას რას დააკლებსო-მცდარია. თუ მინისტრი და პრემიერ-მინისტრი არ არის პოლიტიკოსი, მაშინ ვინ არის? ივანიშვილის მოთხოვნა, რომ მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკას თავი დაანებოს, ბევრს ღიმილისმომგვრელად ეჩვენება – აბა, რა უნდა დაუშაოს ღარიბაშვილმა (ან ლილუაშვილმა) ივანიშვილსო. ეს ორი პირი არის ივანიშვილის პოლიტიკური ცხოვრების მატიანე, მისი საქმეების აღმრიცხველი და უზარმაზარი ინფორმაციის მატარებელი (მათ შორის რუსეთთან ურთიერთობების შესახებ). ძალიან კარგად იცის ივანიშვილმა, ვის უნდა უფრთხოდეს. გარდა ამისა, ხომ ვიცით, რომ შიში ოხერია“, – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები