რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი ერეკლე მეორეა, რუსეთში დაბრუნება კი ქვეყნისთვის აუცილებელი – აი, ეს იყო კობახიძის ისტორიულ-ფილოსოფიური ბრიფინგის მიზანი

„ბიძინა ივანიშვილი ერეკლე მეორეა, რუსეთში დაბრუნება კი ქვეყნისთვის აუცილებელი – აი, ეს იყო კობახიძის ისტორიულ-ფილოსოფიური ბრიფინგის მიზანი.

ამ დისკუსიაში ჩართვა ახლა მათ ინტერესებშია: ბევრი თემა აქვთ გადასაფარი-ენერგეტიკის ძარცვა ქოცკრიპტოსაწარმოებით, რუსეთის მხარდაჭერა აფხაზეთში საწვავის შეტანის სახით, ღარიბაშვილის მიერ ივანიშვილის მხილება და „ოცნების“ შიგნით უკმაყოფილების ზრდა.

არავინ უნდა აკენკოს შემოგდებული საკენკი. რუსეთისთვის მაშველი რგოლის გადაგდების თემა არ არის ამოწურული-ეს განგრძობადი ღალატის საკითხია. როგორც ჩანს, დროებით კი შეწყდა აფხაზეთში საწვავის შეტანა, მაგრამ ამაზე პასუხი უნდა აგოს „ოცნების“ მთავრობამ და იმ კომპანიებმა, რომლებმაც ამ რუსულ-ქართულ ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა. ნუ დაგვავიწყდება, რომ საწვავის წყარო მსხვილი ნავთობიმპორტიორი კომპანია „რეპსოლი“ იყო, რომელიც ქვეყანაში ფლობს ავტოგასამართი სადგურების ქსელ „კონექტს“. არც ბოდიში მოგვისმენია მათგან და არც მადლობა – აფხაზური მხარისგან. აფხაზებმა კარგად იციან, რომ ეს რუსეთისადმი ხელის გამართვა იყო და არა აფხაზეთის მოსახლეობაზე ზრუნვა.

თუ ერეკლეს თემამ დისკუსია არ გამოიწვია, არ არის გამორიცხული, რომელიმე ყოფილი თუ მოქმედი ბობოლა ქოცი გაწირონ-დაიჭირონ და ამაზე გვალაპარაკონ.

დღეს მთავარი თემა ამ ხელისუფლების ღალატია, რომელიც მრავალი ფორმით ვლინდება“, – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები