საქართველოში საბავშვო სავარძლების გამოყენების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება იგეგმება. კერძოდ, საწყის ეტაპზე, ავტომობილში სავალდებულო გახდება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საბავშვო სავარძლების გამოყენება. ამის შესახებ საგზაო უსაფრთხოების 2026-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაშია აღნიშნული.
ამასთან, გათვალისწინებულია საგზაო უსაფრთხოების საგანმანათლებლო რესურსების ერთიანი ონლაინ პლატფორმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც მშობლებზე, ისე ბავშვებზე ადაპტირებული და ეფექტური სწავლების შესაძლებლობას.
„საგზაო მოძრაობის მონაწილეების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს განეკუთვნებიან ქვეითები, ბავშვები, პირები, რომლებიც მართავენ ორთვლიან სატრანსპორტო საშუალებას (მოტოციკლი, მოპედი, ელექტროსკუტერი, სხვა) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები (PIARC, n. d.; European Commission, n. d.-b). მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდეს სწორედ აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელთა უსაფრთხოებაზე.
ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, განხორციელდება შესაბამისი საგანმანათლებლო ინიციატივები, მათ შორის, საგზაო უსაფრთხოების საგანმანათლებლო რესურსების ერთიანი ონლაინ პლატფორმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც მშობლებზე, ისე ბავშვებზე ადაპტირებული და ეფექტური სწავლების შესაძლებლობას. ამავე კონტექსტში განხორციელდება საგზაო უსაფრთხოების თემატიკის ინტეგრირება სკოლამდელი განათლების პროგრამებში, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო ქცევის ჩვევების ჩამოყალიბებას ადრეული ასაკიდანვე.
ამასთან, იგეგმება საბავშვო სავარძლების გამოყენების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რომლის მიხედვით, საწყის ეტაპზე სავალდებულო გახდება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საბავშვო სავარძლების გამოყენება.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა და მომავალში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ორიენტირებული და ადაპტირებული იყოს მოწყვლადი ჯგუფების უფრო მეტად დაცვაზე. დამატებით განხორციელდება სოციალური კამპანიები ქვეითების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაცვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.
ასევე, ელექტროსკუტერის მომხმარებელთა შორის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და ფატალური შედეგების გლობალური ზრდის დინამიკის გათვალისწინებით, განხორციელდება მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს სიღრმისეული ანალიზი და შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში.
სტრატეგიის თანახმად, ასევე, იგეგმება ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედების გამოყენებისთვის საკანონმდებლო ბაზის მომზადება.
„თანამედროვე საგზაო უსაფრთხოების კონტექსტში უსაფრთხოების ღვედების გამოყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა შედეგად სიკვდილიანობისა და მძიმე ტრავმების თავიდან აცილების ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტად მიიჩნევა.
ამასთან, კვლევების მიხედვით, უკანა სავარძელზე მყოფი მგზავრების მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოყენება მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც თავად აღნიშნული მგზავრების, ისე წინა სავარძელზე მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაში (Bose et al., 2013). ამდენად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ავტომობილის უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედების გამოყენების სავალდებულო წესის დამკვიდრება და მისი შესაბამისი რეგულირება. აქვე, საზოგადოებაში უსაფრთხოების ღვედების გამოყენების მაღალი დონის კულტურისა და გამოყენების მდგრადი მაჩვენებლის მისაღწევად აუცილებელია სახელმწიფოს მიერ კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა.
ამდენად, იგეგმება ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სათანადო ნორმატიული ბაზის ჩამოყალიბება და ეფექტური აღსრულების მექანიზმის უზრუნველყოფა, ხოლო მეორე მხრივ, მიზანმიმართული სოციალური კამპანიებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების პრაქტიკულად განხორციელება, რაც განაპირობებს მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებას“, – აღნიშნულია საგზაო უსაფრთხოების 2026-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში.

