თბილისი (პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზაზე 21.3 კმ-იან მონაკვეთს სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ლევან დარახველიძე და მისი მოადგილე, გიორგი გრიგალავა.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ეს გზა მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი მარშრუტია და მისი რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების უსაფრთხოებასა და კომფორტს. დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებს სამუშაოების მიმდინარეობას და ტემპს, რათა პროექტი განსაზღვრულ ვადებში დასრულდეს.
არსებული საგზაო საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებით მიმდინარეობდა. თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზა უერთდება კოდა-მანგლისი-ფარცხისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზას და წარმოადგენს თბილისთან უმოკლეს დამაკავშირებელ მარშრუტს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ასევე ადგილობრივი გზების შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა. გარდა ამისა, განხორციელდება უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები — საგზაო ნიშნების განთავსება და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 32.4 მილიონ ლარამდეა და ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წელს და მისი დასრულება 2027 წელს იგეგმება.



