სოფელ სნოში ისტორიული სკოლა, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სწავლობდა, უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და მის ადგილას ახალი საჯარო სკოლა აშენდება

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, საქართველოს პარლამენტის წევრ ალუდა ღუდუშაურთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ სნოს საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა.

შეხვედრაზე სკოლის არსებული მდგომარეობა და ახალი სასკოლო შენობის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში მდებარე ისტორიული საჯარო სკოლა 1903 წლიდან ემსახურება არაერთ თაობას. ამ სკოლაში სწავლობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. საუკუნეზე მეტია, სნოს სკოლა სოფლისთვის არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, არამედ მნიშვნელოვანი ისტორიული და საზოგადოებრივი სივრცეა.

სკოლის რეაბილიტაციის პროცესის შესწავლისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ არსებული ნაგებობა უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, ხოლო მისი შემდგომი ექსპლუატაცია და შენარჩუნება ტექნიკურად შეუძლებელია. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, არსებული ნაგებობის ადგილას აშენდეს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო შენობა. მშენებლობისას მაქსიმალურად იქნება გამოყენებული არსებული შენობის მასალა, რათა შენარჩუნდეს სკოლის ისტორიული იერსახე, ავთენტურობა და საუკუნოვანი ტრადიციები.

ახალი სკოლა სრულად დააკმაყოფილებს უსაფრთხოებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს მოთხოვნებს. ამასთან, შენარჩუნდება ის ისტორიული კავშირი, რომელიც სნოს სკოლას სოფელთან, მის თაობებთან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან აკავშირებს.

პროექტის განხორციელების შედეგად, სნოს ისტორიული სკოლა ახალ, უსაფრთხო და თანამედროვე სივრცეში გააგრძელებს საუკუნოვან საგანმანათლებლო ტრადიციას.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები