სემეკის წევრის, გიორგი ფანგანის განცხადებით, ელექტროენერგიის გათიშვა სახელმწიფო ენერგოსტიტემის მიერ „ენგურჰესის“ აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას უკავშირდება.
„მინდა, გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება. ტესტირების ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გათვალისწინებული იყო საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობაც. აღნიშნული რეჟიმი დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან ტექნიკურ რისკებთან, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვის შესაძლებლობასთან.
როგორც უკვე ცნობილია, ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები და შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევების განმეორება“- წერს სოცილაურ ქსელში გიორგი ფანგანი.
ავარიის გამო, თბილისისა და რეგიონების უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. ელექტროენერგია საქართველოში დაახლოებით 20:15 საათზე გაითიშა.

