ირაკლი კობახიძე: დააკავეს ძალოვანი სტრუქტურების 5 წარმომადგენელი, რომლებსაც ბრალი ედებათ კონკრეტულ პირებზე ძალადობაში

გუშინ დაკავებული იქნა ძალოვანი სტრუქტურების 5 წარმომადგენელი, რომლებსაც ბრალი ედებათ კონკრეტულ პირებზე ძალადობაში, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ძალადობრივი მიტინგების მიმდინარეობისას, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ფაქტმაც დაადასტურა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის განსაკუთრებული მნიშვნელობა.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამბიცია, ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით, ჰუმანურობის მაღალი სტანდარტით, მაშინაც, როდესაც სახელმწიფოს უწევს დაუპირისპირდეს კონსტიტუციური წყობილების შეცვლის ძალადობრივ მცდელობებს. ეს ხელწერა კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ხელწერის და სტანდარტის დასაცავად დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არცერთი შემთხვევა. სწორედ ამ დამოკიდებულების გამოხატულება იყო გუშინდელი ფაქტი, შესაბამისი პირების დაკავება. როდესაც ვხედავთ სამართალდარღვევას, იქ აუცილებელია სახელმწიფოს რეაგირება“, –  განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები