გზა არის ის, რაც არის ოპოზიციის სტრატეგიაში – იმ ხარისხის საზოგადოებრივი, მშვიდობიანი, ინტესივობის და ზომის პროტესტის მიღწევა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ვეღარ გაუძლებს, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
გიგა ბოკერიამ კომენტარი გააკეთა „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც გვარამია აღნიშნავს: „პოზიციის გარკვევით, ღიად და მკაფიოდ გამოხატვის დრო მოვიდა, არ გამოვა ბუნდოვანი ტექსტები, არ გამოვა „რა ვქნა, სხვანაირად დაფინანსება არ მექნება“, ყველამ მკაფიოდ თქვას, რა და რატომ გადაწყვიტა“.
მისი თქმით, 30-ზე მეტი წლის წინ, საბჭოთა, რუსული კომუნისტური რეჟიმის დროს შესაძლებელი გახდა თავისუფალი არჩევნები, რადგან არჩევნებამდე საზოგადოებრივმა კლიმატმა რეჟიმის რეპრესიული აპარატი გატეხა.
„ეს არის ჩვენი ამოცანა, მშვიდობიანი პროტესტი. ჩვენ ვაპირებთ და მოვუწოდებთ ყველას, ვინც ამ ამოცანებს იზიარებს, 26 მაისს შეკრებისგან, ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის დღე და დამოუკიდებლობა დღესაც დასაცავია ამ რეჟიმის ნაბიჯების გამო. ისინი სახელმწიფოებრიობას უქნიან საფრთხეს. შემდგომში იმ კამპანიის გაგრძელებას ვაპირებთ, რაც მთელ ქვეყანაში დავიწყეთ. მივიდეთ ყველა მოქალაქესთან, მათ შორის მათთან, ვისაც განსხვავებული ხედვა აქვს, ვერ დაინახა მყარი ალტერნატივა და ვუთხრათ, რა ხედვა გვაქვს, როგორ გამოვიყვანთ ქვეყანას ამ ჩიხიდან, რომელშიც რეჟიმმა შეიყვანა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, ყველა, ვინც ამ პროცესში სასოწარკვეთას თესავს, შეიძლება, მათ შორის გულწრფელი ადამიანებიც, ნებსით თუ უნებლიეთ, ივანიშვილის რეჟიმს ეხმარება, რადგან ამ გზას ალტერნატივა არ გააჩნია.
„ჩვენი ისტორია ხომ გზისმკვლევია ჩვენთვის. ისე კი არ უნდა გავიგოთ, რომ იგივე განმეორდება ზუსტად, როგორც ქართველმა ხალხმა მიაღწია არჩევნებში გარდატეხას რუსული საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. იმ ხარისხის ნება უნდა იყოს გამოხატული საზოგადოების უმრავლესობის მიერ, რომელსაც რეპრესიული აპარატი ვეღარ უწევს წინააღმდეგობას და ეგუება ძალუფლების დათმობას თავისუფალი, სამართლიანი არჩევნებით. ამ ტიპის რეჟიმები უნდა დამარცხდნენ არჩევნებში არჩევნებამდე. ეს ასე თუ არ არის, ავტორიტარული რეჟიმის სისტემაში დეკორაცია ხდები და ეს „ოპოზიციური ალიანსის“, „ფედერალისტების“, ჩვენი და საზოგადოების ინტერესი არ არის. საზოგადოების ინტერესია მშვიდობიანი პროტესტით, რწმენით მიღწევა და გნებავთ, სიჯიუტით და მომავლის ხედვის მიტანით მოქალაქეებამდე, იმ ვითარების შექმნა, როდესაც თავისუფალი არჩევნების ჩატარებაა შესაძლებელი და გარდატეხის მიღწევა არჩევნების გზით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

