GUARDIANGE – სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის საჯარო სკოლის დირექტორი მუსეიბ გამბაროვი მიიჩნევს, რომ 2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებით კლასებში სასწავლო ფორმების შემოღება არა მხოლოდ ბავშვების, არამედ მათი მშობლების ინტერესსაც ემსახურება.
აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჯამში 30 წელზე მეტია მუშაობს, ხოლო მასწავლებლობის გაცილებით დიდი ხნის სტაჟი აქვს, ამბობს, რომ საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმა საჯარო სკოლებში სწავლების დონის ამაღლებას და მომავალი თაობის პატრიოტ და განათლებულ ადამიანებად აღზრდას ემსახურება.

„სავსებით ვუჭერ მხარს სასკოლო ფორმების დაკანონებას. ჯერ ეს ერთი, ფორმაში მოსწავლე გაცილებით მოხდენილია და უფრო მეტად ორიენტირებულიცაა სწავლაზე. სკოლა უნდა ჰგავდეს სკოლას და მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ პირველიდან მე-6 კლასის, არამედ მე-12 კლასის ჩათვლით უნდა იყოს სავალდებულო ფორმის ტარება. აზერბაიჯანში უკვე შემოღებული აქვთ ფორმები და მშობლები ინფორმირებული არიან იმის შესახებ, რომ საქართველოშიც სავალდებულო იქნება სასკოლო ფორმა.
„ვფიქრობ, ეს მშობლების ინტერესსაც ემსახურება, რადგან თუკი ერთი წყვილი ფორმა 100-დან 150 ლარამდე ეღირება, როგორც ეს ითქვა, ჩვეულებრივი ტანსაცმელი ოჯახებს გაცილებით ძვირი უჯდებათ. ზოგიერთს, თუ შესაძლებლობა აქვს, მხოლოდ შარვალი შეიძლება ეცვას 300-ლარიანი. ამ დროს კი, ეკონომიურად ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახების ბავშვები, რომლებსაც მოდური ტანისამოსი არ აცვიათ, დაჩაგრულად გრძნობენ თავს და ამგვარი განსხვავებულობა ერთგვარ სოციალურ უთანასწორობას ქმნის, რაც ბავშვის ფსიქიკაზე გარკვეულ ნეგატიურ გავლენას ახდენს. როცა ყველასთვის ერთი ფორმა იარსებებს, უკვე უთანასწორობის განცდისთვის ადგილი აღარ დარჩება. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ფორმები უფასოდ გაიცემა“, – განუცხადა მუსეიბ გამბაროვმა ახალი ამბების სააგენტო GUARDIANGE-ის.

დირექტორი სასწავლო პროცესის წარმართვისას მობილური ტელეფონების აკრძალვასაც მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი უფრო ადრეც უნდა გადადგმულიყო.
„ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი სასკოლო გარემოში მობილური ტელეფონის გამოყენების. როგორ შეიძლება საგაკვეთილო პროცესი ეფექტურად ჩაითვალოს, როცა მასწავლებლის გაკვეთილის ახსნის პარალელურად მოსწავლე მობილურ ტელეფონშია ჩარგული და ღმერთმა უწყის რითია დაკავებული. მობილური ტელეფონები ყურადღების გამფანტავია, მოსწავლე – ხელში მობილური ტელეფონით – ვერ ახერხებს სწავლაზე ფოკუსირებას და შედეგად, მისი აკადემიური მოსწრების დონეც დაბალია. არათუ სასწავლო პროცესის დროს, არამედ საერთოდ უნდა აიკრძალოს სკოლაში მობილური ტელეფონის ტარება, რადგან ბავშვებს არაფერში არ სჭირდებათ ის – ყოველ შემთხევაში, ჩვენნაირი სოფლის სკოლებში ამის საჭიროება ნამდვილად არ არსებობს.

„გარდა ამ ნეგატიური ფაქტისა, რაც სასწავლო პროცესის წარმართვისას, მობილურის გამოყენებას ახლავს თან, თავს იჩენს მეორე, არანაკლებ საყურადღებო ფაქტორიც. ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებიან იმითაც, ვის უკეთესი და ვის უფრო ბოლო მოდელის ტელეფონი აქვს. ზოგიერთ მოსწავლეს საკმაოდ ძვირადღირებული მობილური აქვს, ზოგს იაფფასიანი, რაც ასევე უთანასწორო სოციალური გარემოს ჩამოყალიბების ხელისშემწყობი ხდება. თუკი საერთოდ აიკრძალება, და არა მხოლოდ სასწავლო პროცესის წარმართვისას, სკოლაში მობილური ტელეფონების ტარება, ეს კიდევ უფრო კარგი იქნება. სკოლა სასწავლო დაწესებულებაა და არა გასართობი ადგილი. აქ მაღალი დისციპლინა უნდა იყოს შენარჩუნებული და მოსწავლეები მთლიანად სწავლაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული, პარალელურად კი, ერთმანეთთან კონტაქტისა და ურთიერთობის საფუძველზე უნდა ვითარდებოდნენ და არა მობილურ ტელეფონებთან ურთიერთობით. მობილურებზე დამოკიდებულება საზიანოა არა მხოლოდ მათი მენტალური, არამედ ფიზიკური განვითარებისთვისაც“, – აღნიშნა მუსეიბ გამბაროვმა.

დირექტორი მიიჩნევს, რომ ჯანსაღი მომავალი თაობების აღსაზრდელად საჭიროა სკოლის ინფრასტრუქტურა სათანადოდ იყოს განვითარებული და სკოლაში სპორტული აქტივობებისთვის შესაბამისი სივრცე არსებობდეს.
„ჩვენს სკოლაში შესანიშნავი გარემო პირობებია – დიდი ეზო, სკოლის დიდი შიდა სივრცე, სპორტული დარბაზი – ეს ყველაფერი კი დასვენების პერიოდში ფიზიკური აქტივობებისთვის უნდა იყოს გამოყენებული. მოსწავლე რაც შეიძლება მეტად უნდა იყოს ჩართული ფიზიკურ აქტივობებში და არ უნდა რჩებოდეს დრო მობილურთან დროის ფუჭად გასატარებლად.
„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი 4-სართულიანი სკოლა კაპიტალურად არის გარემონტებული, რაშიც უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ამავე სკოლის აღზრდილ ზია აბასოვს, რომელიც სამწუხაროდ, 2022 წელს, ნაადრევად გარდაიცვალა. ამჟამად, სკოლას მხოლოდ მცირე რემონტი და სასადილოს მოწყობა სჭირდება, დანარჩენი ყველაფერი მოწესრიგებულია.

„უბრალოდ, დასანანი ისაა, რომ ბავშვების რაოდენობა ბოლო წლებში ისევ შემცირდა და თუკი მაგალითად, 2022-2023 საწავლო წელს 119 მოსწავლე გვყავდა, ამჟამად მათი რაოდენობა 108-ს შეადგენს. არადა საბჭოთა პერიოდში, მე-20 საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში, როდესაც მე პირველად დავინიშნე სკოლის დირექტორად, 1200-მდე მოსწავლე ირიცხებოდა. მას შემდეგ, ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, უმთავრესი კი მაინც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომი პერიოდის მიგრაციული პროცესებია, მივედით იქამდე, რომ დღეს მხოლოდ 108 აღსაზრდელი გვყავს. რას იზამ, რაც არის, ეს არის. ჩვენი მოვალეობაა ამ ბავშვებს მივცეთ სათანადო განათლება.

„საერთოდ, ჩვენი სკოლა დიდი და სახელოვანი ისტორიის მქონეა. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი დირექტორობიდან მოყოლებული არაერთი სახელოვანი ადამიანი აღზარდა სკოლამ – პროფესორები, აკადემიკოსები, ექიმები, მასწავლებლები, ბიზნესმენები… სადღეისოდ, ისინი საქართველოში, აზერბაიჯანსა თუ სხვა სახელმწიფოებში ცხოვრობენ და საქმიანობენ. აზერბაიჯანის არაერთ წამყვან უნივერსიტეტში ასწავლიან ჩვენი აღზრდილი პროფესორები და ამაზე დიდი სიამაყის განცდას, მითხარით, რა უნდა წარმოადგენდეს“, – უთხრა GUARDIANGE-ის მუსეიბ გამბაროვმა.
81 წლის დირექტორი დღესაც დიდი შემართებით განაგრძობს სკოლის მართვას და აცხადებს, რომ სასკოლო გარემოსა და ბავშვების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

„ყოველ დილას, გაღვიძებისთანავე, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან მაქვს ვალდებულება პირველმა შევაღო სკოლის კარი. ამ ეზოში ფეხის შემოდგმისთანავე საოცარი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ახალი სუნთქვა მეხსნება, ყველანაირი პრობლემა უკან მრჩება და ისეთი ენეგიით ვივსები, რომ ასე მგონია, მთებს გადავდგამ… ეს არის შენი საყვარელი პროფესიისა და ბავშვების სიყვარულის ძალა, ეს არის მომავლის ძახილი და დიდი ვალდებულება, არ უღალატო ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ დაწყებულ საქმეს. თვალს ვავლებ განვლილ გზას და ვაცნობიერებ, სკოლის გარეშე ცხოვრება მართლა არ შემძლებია“, – განუცხადა GUARDIANGE-ის მუსეიბ გამბაროვმა.
მუსეიბ გამბაროვის მოკლე ბიოგრაფიული ცნობები

დაიბადა 1945 წლის 7 მარტს ბოლნისის რაიონის სოფელ დარბაზში, 1965 წელს დაამთავრა დარბაზის საშუალო სკოლა, იმავე წელს ჩააბარა ბაქოს მირზა ფატალი ახუნდოვის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში – რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, რომელიც 1970 წელს დაასრულა. 1971 წელს საბჭოთა არმიის რიგებში გაიწვიეს, მსახურობდა მოსკოვის სიახლოვეს, ქალაქ ჟუკოვსკში, მიენიჭა უმცროსი ლეიტანანტის წოდება, 1972 წელს დემობილიზებული იქნა არმიის რიგებიდან და მშობლიურ სოფელში დაბრუნებისთანავე სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, ამავე დროს, სკოლის პარტკომად აირჩიეს, 6 თვეში კი, დარბაზის მერძევეობა-მეკარტოფილეობის საბჭოთა მეურნეობის პარტიული კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა, რომელშიც 10 დასახლებული პუნქტი შედიოდა – სოფელ ქვეშიდან დარბაზამდე, სადაც 10 წელი იმუშავა აღნიშნულ თანამდებობაზე. ამ პერიოდში, 1981 წელს, ბაქოს უმაღლეს პარტიულ სკოლაში გააგზავნეს სასწავლებლად. 1986 წელს დარბაზის საშუალო სკოლის დირექტორად გადაიყვანეს, სადაც 1991 წლამდე იმუშავა, შემდეგ კი დარბაზის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს, სადაც 2000 წლამდე დაჰყო, პარალელურად სკოლაში, 1972 წლიდან, უწყვეტად ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას, კვირაში 5 საათი. 2001 წელს ისევ სკოლის დირექტორის პოსტზე დაბრუნდა და დღემდე აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობს.
სტატია – დარბაზის საჯარო სკოლის დირექტორი მუსეიბ გამბაროვი: სანამ ძალა შემწევს, ვიმუშავებ… თუ ღმერთი მაცოცხლებს, 2025 წელს, სკოლის ნახევარსაუკუნოვან და ჩემს 80 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ – იხილეთ აღნიშნულ ბმულზე
დაბლა იხილეთ GUARDIANGE-ის ფოტომასალა

































