საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმედი აქვს, ევროკავშირში შეწყდება იმ იდეის განხილვა, რომელიც გულისხმობს ევროკავშირის შიგნით ერების სეგრეგაციას.
პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც დაადასტურა, რომ ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლება შეიზღუდება.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, კანდიდატმა ქვეყნებმა ხმა უნდა აიმაღლონ ამ აღმაშფოთებელი ინიციატივის წინააღმდეგ.
„იმედი მაქვს, განხილვები შეწყდება და, მეორე მხრივ, ვფიქრობ, ახლა დადგა მომენტი, როცა კანდიდატმა ქვეყნებმა ხმა უნდა აიმაღლონ ამ მართლაც აღმაშფოთებელი ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც გულისხმობს 21-ე საუკუნეში ერების სეგრეგაციას ევროკავშირის შიგნით. ოთხი წლის წინ როცა ვაკეთებდით განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, ჩვენ ხელი არ მოგვიწერია ამაზე, რომ საქართველოს გაწევრიანების შემდეგ არ ექნება ხმა და რეალური თანამონაწილეობა საგარეო პოლიტიკაში, ჩვენ ნაცვლად გადაწყვეტენ, ჩვენ გარეშე გადაწყვეტენ უსაფრთხოების პოლიტიკას, ევროკავშირის საფინანსო საბიუჯეტო პოლიტიკას ჩვენ გარეშე გადაწყვეტენ, უფლებების საკითხებს და ახალი უფლებების საკითხებს ჩვენ გარეშე გადაწყვეტენ. რაც მთავარია, ევროკავშირის ხელშეკრულებების შეცვლას გადაწყვეტენ ჩვენ გარეშე, რასაც უნდათ, იმას ჩაწერენ და ამოიღებენ ისე, რომ ახალ წევრებს არც კი ჰკითხავენ. არ ვიცი, სხვა რა არის საბჭოთა კავშირი, თუ არა ასეთი მიდგომა, რომ არსებობენ დიდი ერები და მცირე ერები და დიდი ერები დომინანტობენ მცირე ერებზე. სამწუხარო განვითარებაა ძალიან. ფროიდისეული წამოცდენა გეგონებოდა ადამიანს, რომ არ აკვირდებოდე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა გვაგუებდნენ და გვაგუებენ ახლაც ამ აზრს, რომ ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით მეორეხარისხოვანი ერი ევროკავშირში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ასეთ გადაწყვეტილებებზე მსჯელობით და ფიქრით ევროკავშირი თავად სცდება ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს, რომელიც გულისხმობს მისი წევრების თანასწორობას.
„მეორეხარისხოვან ერებად ყოფნას არც ჩვენ, არც არავინ აპირებს. ამაზე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია, არც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი გულისხმობს, რომ ჩვენ ჩვენი ერი მეორეხარისხოვან ერად ვაქციოთ რომელიმე გაერთიანებაში. ახლა მნიშვნელოვანია, კანდიდატმა ქვეყნებმა საკუთარი ხმა გააერთიანონ და შეეწინააღმდეგონ ევროკავშირის ცივილიზაციური უფსკრულისკენ გაქანებას, რადგან ეს მხოლოდ კანდიდატი ქვეყნებისთვის კი არ არის პრობლემა, საბოლოო ჯამში, ნაბიჯ-ნაბიჯ აისახება წევრ ქვეყნებზე. წევრ ქვეყნებში მოხდება სეგრეგაცია, სადაც პირველხარისხოვანი ერები მეორეხარისხოვანი ერების საკითხს გადაწყვეტენ. ამიტომ დღეს საშველი არის ევროკავშირი, რათა საბოლოოდ არ გადაეშვას ცივილიზაციურ უფსკრულში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ, ბრიუსელის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, საქართველო ევროპულ გზას აგრძელებს.
„ჩვენ გვაინტერესებს, რა გეგმები აქვს ევროკავშირს. ჩვენი გეგმები ცხადია და ამას მივყვებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელის მხრიდან არის ზეწოლა საქართველოზე, ჩვენ ჩვენს გზას ვაგრძელებთ, მათი ხელშეშლის პირობებშიც კი. ვგულისხმობ ევროპულ გზას. ჩვენ ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, მათ უნდა გადაწყვიტონ, როგორ ხედავენ ევროკავშირს – ხედავენ ევროკავშირს ევროკავშირად, რა იდეებიც იყო ჩადებული მის შექმნაში, თუ ეს სრულად უნდა ტრანსფორმირდეს საბჭოთა კავშირში, სადაც არსებობენ დომინანტი და დაქვემდებარებული ერები. გსურთ დაქვემდებარებული ერის პოზიციაში ყოფნა? გინდათ, იყოთ დაქვემდებარებული, მეორეხარისხოვანი ერი რომელიმე გაერთიანებაში? გვაინტერესებს, რას აპირებს ევროკავშირი? ეს ჯერჯერობით განაცხადი არის, თუმცა სახიფათოა, რომ აქამდე თუ წევრი ქვეყნები, სხვადასხვა ლიდერი საუბრობდა ამაზე – მერცმა თქვა და მიიღო საკადრისი პასუხი ზელენსკისგან ამასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა არ განიხილავს მეორეხარისხოვან ერად ყოფნას – ამ შემთხვევაში ეს განცხადება უკვე ოფიციალურ, ვეროკავშირის პოზიციად იქნა წარმოდგენილი, იდეა, რომელიც განიხილება. სამწუხაროა, რომ ასეთი იდეა საერთოდ ვიღაცის თავში დაიბადა და სერიოზულად განიხილება. უნდა დავაკვირდეთ, რომ სასწრაფოდ შეწყდეს ამ იდეის განხილვაც კი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

