აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს.

ზურაბ პატარაძე პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინეს.

ზურაბ პატარაძე ამ დრომდე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა, უფრო ადრე კი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იყო.

ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ზურაბ პატარაძე იქნება გამორჩეული, ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

მთავრობის მეთაურმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე საქმიანობისთვის სულხან თამაზაშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობისას ძალიან ბევრი რამ მოწესრიგდა მართვის კუთხით და საფუძველი ჩაეყარა ბევრ მნიშვნელოვან პროექტს.

„ამისთვის ბატონი სულხანი იმსახურებს განსაკუთრებულ მადლობას. მან საქართველოს მთავრობაში დაიკავა ძალიან მნიშვნელოვანი – შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა და მინდა, წარმატებები ვუსურვო ამ თანამდებობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ზურაბ პატარაძის გამოცდილებას და აღნიშნა, რომ იგი წლების განმავლობაში დიდი წარმატებით უძღვებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.

„ზურაბ პატარაძის თავმჯდომარეობის პირობებში ძალიან ბევრ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. მისი საქმიანობის წლები იყო გამორჩეულად წარმატებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის. ის ასევე არის გამორჩეული დიპლომატი, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. მინდა, გამოვარჩიო მისი საქმიანობა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობაზე. სწორედ მისი ელჩობის პირობებში, ახალ ეტაპზე გადავიდა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები და ამაში ბატონ ზურაბს განსაკუთრებული პირადი წვლილი მიუძღვის. მადლობა მას წარსულში გაწეული საქმიანობისთვის და მას მინდა, წარმატებები ვუსურვო. ის იქნება ძალიან გამორჩეული, ძალიან ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ჩვენი ქვეყნის ეს ულამაზესი მხარე ახალ და ძალიან დიდი წარმატებებს მიაღწევს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები