ეს გახლავთ სერბული მხარის პირველი საპრეზიდენტო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ქართულ-სერბულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ყველა მიმართულებით.
„ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, დღეს ვმასპინძლობდეთ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ალექსანდარ ვუჩიჩს. დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი, რომელიც მტკიცედ ზრუნავს საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაზე, განმტკიცებაზე და მაქსიმუმს აკეთებს სერბი ხალხის კეთილდღეობისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, ვმასპინძლობდეთ დღეს ბატონ ალექსანდარ ვუჩიჩს, სერბეთის პრეზიდენტს.
აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ სერბული მხარის პირველი საპრეზიდენტო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. დარწმუნებულ ი ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ქართულ-სერბულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ყველა მიმართულებით.
საქართველოსა და სერბეთს შორის ურთიერთობები ემყარება მეგობრობის, ურთიერთპატივისცემისა და ხალხთაშორისი კავშირების ხანგრძლივ ტრადიციებს. გარდა ამისა, ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული მემკვიდრეობა და საერთო ფასეულობები. ამ კუთხითაც, ხაზი უნდა გაესვას ბატონი პრეზიდენტის განსაკუთრებულ ძალისხმევას იმისათვის, რომ სერბეთმა მტკიცედ იზრუნოს საკუთარი რელიგიური და ეთნიკური იდენტობის დაცვაზე, რაც განსაკუთრებულად დასაფასებელია, განსაკუთრებით, თანამედროვე გლობალური გამოწვევების პირობებში. ეს ღირებულებითი კავშირი კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ქმნის ახალ იმპულსს და ძალიან მნიშვნელოვან იმპულსს ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.
ჩვენი ქვეყნები და ჩვენი ხელისუფლებები ძალიან კარგად აცნობიერებენ სუვერენიტეტის დაცვის ფუნდამენტურ მნიშვნელობას. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ბატონი პრეზიდენტის მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ასევე, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო, ბუნებრივია, არის სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის ძალიან მტკიცე მხარდამჭერი“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის საკვანძო საკითხებს.
„მოხარული ვარ, რომ დღეს გვქონდა შესაძლებლობა დეტალურად გვესაუბრა ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის საკვანძო საკითხებზე და განგვეხილა ჩვენი კავშირების, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას. სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში უმაღლესი დონის კონტაქტები უფრო ინტენსიური გახდა. უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია სერბეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის შესახებ. დარწმუნებული ვარ, დიპლომატიური წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას“, – განაცხადა პრემიერმა.

