GUARDIANGE – აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „მტკიცედ განიხილავს“ ნატო-დან გასვლას. ამის შესახებ მან ბრიტანულ „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
ბრიტანული გაზეთის ცნობით, დონალდ ტრამპმა ალიანსს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა.
კითხვაზე, გადახედავდა თუ არა ის ალიანსში შეერთებული შტატების წევრობის საკითხს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდეგ, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, მე ვიტყოდი, რომ ეს გადახედვას ექვემდებარება“.
„ნატო არასდროს მხიბლავდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ისინი „ქაღალდის ვეფხვები“ იყვნენ. სხვათა შორის, ეს პუტინმაც იცის“, – თქვა ტრამპმა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ ვაშინგტონს შესაძლოა დასჭირდეს ნატოსთან ურთიერთობის გადახედვა ირანის წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ, რითაც მკვეთრად გაძლიერდება ზეწოლა ევროპელ მოკავშირეებზე, რომლებსაც ამერიკა მხარდაჭერის შეწყვეტაში ადანაშაულებს.
ტრამპმა ასევე კვლავ გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი იმის გამო, რომ ბრიტანეთმა უარი თქვა ამერიკის მხარდაჭერაზე ირანთან ომში. მან დაამცირა დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალები.
„თქვენ საზღვაო ფლოტიც კი არ გყავთ, ძალიან დრომოჭმული ხართ და გყავდათ ავიამზიდები, რომლებიც არ მუშაობდა“, – დასძინა ტრამპმა, ბრიტანეთის სამხედრო გემების მდგომარეობის შეფასებისას.
კითხვაზე, უნდა დახარჯოს თუ არა პრემიერ-მინისტრმა მეტი თავდაცვაზე, ტრამპმა უპასუხა: „მე არ ვაპირებ ვუთხრა მას, რა გააკეთოს. მას შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს. არ აქვს მნიშვნელობა. სტარმერს მხოლოდ ძვირადღირებული ქარის წისქვილები სურს, რომლებიც თქვენს ენერგიის ფასებს ძალიან მაღლა სწევს“.
ტრამპის კომენტარების შემდეგ, კირ სტარმერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს მხარდაჭერა და მას უწოდა „ყველაზე ეფექტური სამხედრო ალიანსი, რაც კი მსოფლიოს ოდესმე უნახავს“.
პრემიერ-მინისტრმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობების გაუარესების საპასუხოდ, ის ევროპასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას შეეცდება და აღნიშნა, რომ „ხმაურის მიუხედავად“, ის ბრიტანეთის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.
მან თქვა: „ეს ჩვენი ომი არ არის და ჩვენ მასში არ ჩავერთებით“.
სამშაბათს, 31 მარტს, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების მეთაურმა აღიარა, რომ სამეფო საზღვაო ფლოტი ომისთვის მზად არ არის, რამაც იგი ყველაზე მაღალი რანგის მოქმედ სამხედრო ფიგურად აქცია, რომელმაც შეიარაღებული ძალების სახიფათო მდგომარეობის შესახებ გააფრთხილა.
ირანში კონფლიქტის დაწყებისას, ბრიტანეთის ექვსი გამანადგურებლიდან ოთხი მწყობრიდან გამოვიდა და შეკეთების პროცესშია. დიდი ბრიტანეთი იძულებული გახდა გერმანიისგან სამხედრო ხომალდი ენათხოვრა, ჩრდილო ატლანტიკაში ნატოს წინაშე ვალდებულებების შესასრულებლად.

