GUARDIANGE – დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის სამხედრო მოქმედებები ირანში შესაძლოა, „ორ-სამ კვირაში“ დასრულდეს. მისი თქმით, აშშ შეწყვეტს ირანში ომს იმის მიუხედავად იქნება თუ არა ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმება, მაგრამ უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ რეჟიმს „წლების განმავლობაში“ არ შეეძლება ბირთვული იარაღის შექმნა.
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ თეირანს აქვს „საჭირო ნება“ ომის დასასრულებლად, იმ პირობით, რომ მისმა მტრებმა უნდა მისცენ მას გარანტია იმისა, რომ ომი კვლავ არ გაღვივდება.
ამასობაში, ჩინეთი და პაკისტანი ომის დასრულების ხუთპუნქტიან გეგმას ამუშავებენ, რომელიც მოიცავს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას.
ისრაელსა და ირანს შორის კი დარტყმები გრძელდება – ირანი ასევე თავს ესხმის სპარსეთის ყურის მეზობელ სახელმწიფოებს: დრონის თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტში; კატარის სანაპიროსთან ტანკერი დაბომბეს; თავდასხმების შესახებ ასევე იუწყებიან საუდის არაბეთი და ბაჰრეინი.
ომში ათასობით ადამიანი დაიღუპა, მათი დიდი უმრავლესობა ირანსა და ლიბანში.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ოვალურ კაბინეტში 31 მარტს ღამით გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ ამერიკა ირანს „ძალიან მალე“ დატოვებს და სამხედრო მოქმედებები შესაძლოა, ორ ან სამ კვირაში დასრულდეს, ნავთობის ფასები დაეცა.
როგორც BBC იტყობინება, ოთხშაბათს, 1-ელ აპრილს, ნავთობის ფასები 3%-ზე მეტით ჩამოვიდა დაბლა და ბარელზე 100 დოლარს ოდნავ აჭარბებს.
თუმცა, ბრენტის ნავთობის ფასი 39%-ით მაღალი რჩება 28 თებერვალთან შედარებით, როდესაც ომი დაიწყო და ირანმა ფაქტობრივად ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე, რომელიც გლობალური ნავთობისა და გაზის მომარაგების საკვანძო მარშრუტია.

