საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი პროკურატურას საპროცესო შეთანხმებით მიმართავს. ამის შესახებ ცნობილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძემ დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა განმარტა, რომ მისი ადვოკატი საგამოძიებო უწყებაში განაცხადს დღესვე შეიტანს.
პროცესის დასრულების შემდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატებმა დეტალებზე არ ისაუბრეს, თუმცა განაცხადეს, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ზიანის ანაზღაურებისთვის მზადაა.
რაც შეეხება ბურჭულაძის კიდევ ერთი ადვოკატის, დიმიტრი ხაჩიძის პოზიციას, ის აცხადებს, რომ საპროცესო შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით უცნობია და ამ დეტალებს პროკურატურასთან მოლაპარაკებები გამოკვეთს. მანამდე კი უფლებადამცველი პენიტენციურ დაწესებულებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფთან პოზიციის შეთანხმებას გეგმავს.
რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, პროკურორ ანი ლეკიაშვილის განმარტებით, ჯუანშერ ბურჭულაძის მხრიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილი დღევანდელ პროცესზე გახდა ცნობილი. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და არც საპროცესო შეთანხმების პირობებია ცნობილი.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოვისმინეთ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე გეგმავს საპროცესო შეთანხმებით მომართვას, თუმცა ამას მისი ადვოკატები აჟღერებენ უკვე დიდი ხნის განმავლობაში. ამ წუთას ვერანაირ დეტალზე ვერ გაგესაუბრებით, ვინაიდან მსგავსი რამ ჯერ არც არის განხილვაში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოითხოვს, რომ როდესაც ფორმდება საპროცესო შეთანხმება, მტკიცდება მერე უკვე სასამართლოს მიერ. უნდა არსებობდეს გარკვეული პირობები, პირველი ეს არის ბრალის აღიარება, მეორე არის სასჯელზე შეთანხმება. პროკურატურის პოზიცია ყოველთვის არის, რომ ზიანი უნდა იყოს სრულად ანაზღაურებული და დაზარალებულს არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის მიერ თავდაცვის სამინისტროსთვის მიყენებული ზიანი არის შვიდ მილიონამდე. შესაბამისად, როდესაც მოხდება ზიანის ანაზღაურება, როდესაც ექნებათ მზაობა დაცვის მხარიდან ყველა პირს, რომ მათთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება, ამის შემდეგ ვიმსჯელებთ. მხოლოდ აღიარება, მომართვა არ ცვლის ამ ყველაფერს, შეთანხმება უნდა მოხდეს ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის“, – აცხადებს პროკურორი ანი ლეკიაშვილი, როგორც ამას პირველი არხი იტყობინება.
რაც შეეხებათ სხვა ბრალდებულებს, უკვე ცნობილია, რომ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით უკვე მიმართა კიდევ ერთმა ბრალდებულმა, გიორგი ხაინდრავამაც.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ გამოიკვლია მტკიცებულებები, გამოიკითხნენ მოწმეები, რომელთა შორის იყვნენ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის წევრებიც. შემდეგ პროცესზე დაცვის მხარე თავად ჯუანშერ ბურჭულაძის დაკითხვას გეგმავს.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბურჭულაძეს, საერთო ჯამში, 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს, თავისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი, 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ასევე, 2025 წლის მარტში ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.
რაც შეეხებათ ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი – გაფლანგვაში დახმარებას. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

