სრული აბსურდი, სიცრუეა გავრცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება შსს-ს მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების, ე.წ. კამიტის გამოყენებას. ეს არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ნივთიერება საქართველოში შსს-ს არასდროს შეუსყიდია.
„მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც განხორციელებულა ამ მიმართულებით. სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში შსს-ს არასდროს შეუსყიდია ე.წ. კამიტი. მოგეხსენებათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება. რა თქმა უნდა, დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. გამოიკითხება ყველა ადამიანი და აბსოლუტურად ყველაფერს პასუხები გაეცემა“, – განაცხადა გელაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ აქციების დროს ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი ნივთიერება არ ყოფილა შსს-ს მხრიდან გამოყენებული.
მინისტრს კითხვა დაუსვეს, 2024 წლის აქციებზე წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გარდა, იყო თუ არა რაიმე სხვა გამოყენებული.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში იჭორავა, ისაუბრა. ყველა ნივთიერება, რომელიც იქნა გამოყენებული სხვადასხვა აქციის დაშლის პროცესში, არის კანონიერად ნაყიდი სხვადასხვა მსხვილი კომპანიების მხრიდან, რომლებიც აპრობირებულია ყველა წამყვან ქვეყანაში“, – განაცხადა გელა გელაძემ.

