Saturday, November 23, 2024
7.8 C
Tbilisi

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, მოუწოდა ერს, ილოცოს პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ჯანმრთელობისათვის

GUARDIANGE – ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ, პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის მძიმე დაშვების შესახებ განცხადება გააკეთა და მოუწოდა ერს, ილოცოს მისი ჯანმრთელობისათვის.

„თუკი ირანელი ხალხი არ ინერვიულებს, ქვეყნის მუშაობაში შეფერხება არ იქნება“, – განაცხადა ხამენეიმ.

ცოტა უფრო ადრე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელიც დღეს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, იბრაჰიმ რაისს მასპინძლობდა, ვერტმფრენის ავარიულ დაშვებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„დღეს, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისთან მეგობრული შეხვედრის შემდეგ, სერიოზულად შევშფოთდით გავრცელებული ინფორმაციით, რომ ვერტმფრენმა, რომელსაც უმაღლესი დელეგაცია გადაჰყავდა, ავარიული დაშვება განახორციელა. ჩვენი ლოცვა მიმართულია პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და დელეგაციის თანმხლები პირებისადმი. როგორც მეზობელი, მეგობარი და მოძმე ქვეყანა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა მზადაა ყველანაირი მხარდაჭერის აღმოსაჩენად“, – დაწერა ალიევმა სოციალურ ქსელში.

ვერტმფრენი, რომელსაც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი გადაჰყავდა, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში „მძიმედ დაეშვა“, – განაცხადა ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, აჰმად ვაჰიდმა.

თავდაპირველი ვერსიით კი, როგორც ამას სახელმწიფო ტელეარხი Press TV იტყობინებოდა, ვერტმფრენი, რომელსაც პრეზიდენტი რაისი გადაჰყავდა – ჩამოვარდა.

სამაშველო ჯგუფები ამ დროისთვის ცდილობენ იმ ადგილზე მისვლას, სადაც ინციდენტი მოხდა. მდგომარეობას უამინდობა ართულებს.

როგორც Tasnim-ი იტყობინება, ვერტმფრენის ბორტზე პრეზიდენტის გარდა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის გუბერნატორი მალიქ რახმატი და სხვა პირები იმყოფებოდნენ.

ბორტზე მყოფი ირანის პრეზიდენტის და სხვების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ პრეზიდენტის ვერტმფრენთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

შემთხვევის ადგილზე გაგზავნილია არმია, პოლიცია და ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების თანამშრომლები. მედიის ცნობით, სარდლობის ცენტრს პრეზიდენტის გარემოცვიდან დაუკავშირდნენ, რაც იმედს იძლევა, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა.

პრეზიდენტის ვერტმფრენის გარდა, სხვა ვერტმფრენებმა, რომელშიც მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები ისხდნენ, უსაფრთხოდ მიაღწიეს დანიშნულების ადგილს.

ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, იბრაჰიმ რაისისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართა.

ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, იბრაჰიმ რაისისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა

რაისი კვირას ადრე აზერბაიჯანში ჩავიდა და ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ხუდაფერინის ჰიდროელექტროკომპლექსის ექსპლუატაციაში გაშვებისა და მდინარე არაზზე აშენებული გიზ გალასის ჰიდროელექტრო კომპლექსის გახსნის ცერემონიაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები