საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (16 მაისი 2024) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7596 ლარი შეადგინა.
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.002 ლარია, ფუნტი სტერლინგის კი, 3.4972 ლარი.
ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი ძალაში 17 მაისს შევა.
ლარის მიმართ დანარჩენი უცხოური ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსები იხილეთ ბმულზე.
2024 წლის 16 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7580 შეადგინა.
ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებთან დაკავშირებით მიიღო, რომელსაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები. შედეგად, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა დაფიქსირდა, რამაც ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა.
ამასთან, ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და შესაბამისად არის მოკლევადიანი. ჯანსაღია მაკროეკონომიკური პარამეტრები-საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, სტაბილურია საგარეო შემოდინებები, ისტორიულ მინიმუმზეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია, ფისკალური ბალანსი და სახელმწიფო ვალიც მდგრად დონეზეა შენარჩუნებული.
“ფინანსური სისტემის გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირებისთვის კომერციულ ბანკებს გააჩნიათ ჯანსაღი მომგებიანობა და აქტივების მაღალი ხარისხი, კაპიტალის და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერები, რათა შეუფერხებლად მოემსახურონ კლიენტებს და დააკრედიტონ ეკონომიკა. ლიკვიდური აქტივების ჯამური მოცულობა დღეს საბანკო სისტემაში 16.7 მლრდ ლარის ექვივალენტს აჭარბებს, რაც პოტენციური შოკების მიმართ უპრეცედენტო გამძლეობაზე მეტყველებს. დღესდღეობით საქართველოს საფინანსო სისტემა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია.
ეროვნული ბანკი განაგრძობს ბაზარზე დაკვირვებას და ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებს ფინანსური ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.