სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია. ყველანაირი კონსტიტუციური ჩარჩოდან არის გასული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ქალბატონი სალომე კონსტიტუციის კიდევ ერთ დარღვევას აანონსებს, ჩვეულებრივად გასულია ყველანაირი კონსტიტუციური ჩარჩოდან. მას პრეზიდენტის თანამდებობა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია. ერთხელ უკვე დაარღვია კონსტიტუცია, რაც დადგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდანაც ამაზე არის დასტური. ახლა კვლავ აანონსებს კონსტიტუციის დარღვევას. ამაზე კომენტარიც ზედმეტია, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ეს არის ძირის გამოთხრა ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისთვის. არ ვიცი, ოპოზიციასაც რამდენად ენდომება მასთან ერთად ყოფნა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა: „მეგობრებს გავაცანი, როგორი უნდა იყოს ევროპული პლატფორმა, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულია. ჩვენი უახლოესი მომავალი არის მობილიზაცია არჩევნებისთვის, უთუოდ გავიმარჯვებთ“.