რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
საუბარია ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის, პროფესორ ოთარ გელაშვილის მკვლელობის საქმეზე.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის აგვისტოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ბრალდებულებმა, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით სიცოცხლისთვის სახიფათო, მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.
მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა. პროკურატურამ ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარუდგინა. სასამართლომ ორივე მათგანი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში”, – აცხადებენ პროკურატურაში.
ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ოთარ გელაშვილი, რომელიც, ამავე უნივერსიტეტის რექტორის თქმით, 2023 წლის აგვისტოში გაიტაცეს და სცემეს, 20 სექტემბერს გარდაიცვალა.
რექტორის ინფორმაციითვე, ოთარ გელაშვილი აგვისტოში გაუჩინარდა, რის შემდეგაც ის ქვემო ქართლის რეგიონში მძიმე მოტეხილობებით იპოვეს. მას რუსთავის საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მოგვიანებით კი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
რექტორის განცხადებით, ოთარ გელაშვილის მკვლელობა, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტში სატრანსპორტო ფაკულტეტის და მექანიკის ინჟინერიის დეკანი იყო, აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას არ უკავშირდება და გამოძიება მთავარ ვერსიად გარდაცვლილის ბიზნეს საქმიანობას განიხილავდა.