„ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს, ბუკმეკერების პროგნოზების მიხედვით, გამარჯვების ხუთი მთავარი კანდიდატი ჰყავს: საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, ესპანეთი და პორტუგალია. დანარჩენები, თუ კოეფიციენტებს გადავხედავთ, მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ამ ხუთეულს. იტალიაც კი. საქართველოს ამ რეიტინგში ბოლო ადგილი უკავია და გამარჯვების შანსი არის დაახლოებით 1:300-სთან. ბოლოსწინა ალბანეთიც( 1:251) და სლოვაკეთიც(1:201) მნიშვნელოვნად გვისწრებს. ჩვენს ჯგუფში სისუსტით მეორე გუნდს, ჩეხეთს ჩვენზე სამჯერ უკეთესი კოეფიციენტი აქვს(1:101). ქვეჯგუფიდან გასვლის შანსებითაც საქართველო ბოლო ადგილზეა.
კოეფიციენტების გარდა ფეხბურთში ყოფილა შემთხვევები, რომ შემართებისა და იღბლის წყალობით გუნდებს სენსაციები მოუხდენიათ. ამის მაგალითია საბერძნეთი, რომელიც ევროპის ჩემპიონიც კი გამხდარა. დანიაც ამ კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ. სხვათა შორის, ევროპის ჩენპიონატის არსებობის აგერ უკვე 75 წლიან ისტორიაში, არასდროს მოუგია იგი ინგლისს. კურიოზები შებრუნებული ფორმითაც ხდება.
ჩეხებს ნამდვილად უნდა გავუმართოთ ბრძოლა და უშანსოდ არა ვართ. თურქეთი გაცილებით ძლიერია, მაგრამ იგი პორტუგალია ნამდვილად არაა.
ახლა მთავარზე: როცა ივანიშვილი ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში გუნდს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, ყველაფერი კარგად აქვს დათვლილი და გათვლილი. თუ ოცდაათი მილიონი ემეტება, რამდენიმე მილიონი ლარი მაინც გაეღო ახლავე, ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისათვის.
სანამ რუსულ კანონს არ დაგმობდნენ ჩვენი საამაყო ფეხბურთელები, მანამდე არც კი გახსენებია მათი წახალისება, უფრო მეტიც, საჯაროდ არც კი მიულოცავს.
ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, ფლეი-ოფში, მომდევნო გუნდს რომ შევხვდებით (დიდი ალბათობით იმ მთავარი ხუთეულიდან ერთ-ერთს) და მოგების შემთხვევაში რომ კიდევ 30 მილიონს იძლევა, ეს უკვე უსინდისო ტრიუკია.
ის სიყვარული, რაც ფეხბურთელებმა დაიმსახურეს, ფულზე უფრო მეტია, მაგრამ მატერიალური მხარდაჭერაც აუცილებელია და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამა თუ იმ საშუალებით, ნებისმიერ შემთხვევაში ეს მაინც მოხდება, მათ შორის ფხბურთის ფედერაციის მხრიდან, რომელმაც ამ ბიჭების წყალობით საკმაო ფული გამოიმუშავა უეფა-დან.
გამარჯვება ჩვენს ნაკრებს!
წინ ევროპისაკენ!
არა რუსულ კანონს!
არა მანიპულაციებს და „ტრიუკებს!“ – წერს დეპუტატი რომან გოცირიძე „ფეისბუქში“.