ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით გვაქვს კარგი მონაცემები კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით; ვუსწრებთ ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირის წევრ 10-მდე ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტის კითხვას, გახდა თუ არა ჯანდაცვის სისტემაში გამოვლენილი კორუფცია ზურაბ აზარაშვილის თანამდებობიდან წასვლის საფუძველი, პრემიერმა უპასუხა, რომ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებას კორუფციასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, კორუფციასთან ბრძოლა მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა და ამ კუთხით ქვეყანას კარგი მონაცემები აქვს.
„ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით გვაქვს კარგი მონაცემები კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ვუსწრებთ ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირის წევრ 10-მდე ქვეყანას. თუმცა, თავისთავად, ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრი დაახლოებით 20 ქვეყანა გვისწრებს, მეტყველებს იმაზე, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რათა ვებრძოლოთ და შევამციროთ კორუფცია ჩვენს ქვეყანაში. გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი, რომ ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციასთან ბრძოლის და კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. შესაბამისად, ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამ ერთი თვის განმავლობაში უკვე გადაიდგა არაერთი ნაბიჯი იმისათვის, რომ გვეზრუნა პრევენციაზე, თუმცა მომავალშიც ძალიან ბევრი რამ გაკეთდება. გპირდებით, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში გვექნება თვისებრივი, ხელშესახები შედეგები კორუფციის კიდევ უფრო მეტად შემცირების თვალსარისით. ჩვენი მიზანია, რა თქმა უნდა, კორუფციის სრულად აღმოფხვრა, რაც ძალიან რთული ამოცანაა. ყველა ქვეყანაში არის კორუფცია, მათ შორის, სკანდინავიის ქვეყნებშიც კი, რომლებიც გამოირჩევიან კორუფციის ყველაზე დაბალი ხარისხით, თუმცა ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება და ამ პოლიტიკური ნების პირობებში შესაძლებელია, რომ ჩვენ ამ ამბიციურ მიზანს მივაღწიოთ, რასაც ჰქვია ევროპის სამეულში ადგილის დაკავება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ