Sunday, November 24, 2024
4.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: პირველად მოვახერხეთ, შევძელით და გავედით უმაღლესი რანგის ტურნირზე – ევროპის ჩემპიონატზე

30 წლის წინ დაიწყო ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორია და 30 წლის თავზე პირველად მოვახერხეთ, შევძელით და გავედით უმაღლესი რანგის ტურნირზე – ევროპის ჩემპიონატზე, რაც არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით საამაყო, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ყველას მიულოცა ისტორიული გამარჯვება და წარმატება.

„დღეს გვაქვს გამორჩეული, ემოციური დღე და, შესაბამისად, განსაკუთრებული სხდომა. მინდა ყველას მოგილოცოთ გუშინდელი ისტორიული გამარჯვება, წარმატება − ჩვენს თანამოქალაქეებს, ემიგრანტებს და, რაც მთავარია, ჩვენს ფეხბურთელებს. გუშინ ნამდვილად ისტორია დაიწერა, ეს თამამად შეიძლება ითქვას. 30 წლის წინ დაიწყო ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორია და 30 წლის თავზე პირველად მოვახერხეთ, შევძელით და გავედით უმაღლესი რანგის ტურნირზე – ევროპის ჩემპიონატზე, რაც არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით საამაყო. სიტყვებით შეუძლებელია ამ განცდის, ბედნიერების, სიამაყის აღწერა, რაც გუშინდელმა დღემ მოგვანიჭა და რამაც მთელი ქვეყანა გააერთიანა. ესეც ძალიან თამამად შეიძლება ითქვას.

მინდა, მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ფეხბურთელებს, ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრებს, რომლებმაც მართლა სული და გული ჩადეს გუშინდელ გამარჯვებაში; სამწვრთნელო შტაბს, ვილი სანიოლის ჩვენი საამაყო ფრანგი მწვრთნელის ხელმძღვანელობით; ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, პრეზიდენტს, გენერალურ მდივანს, ვიცეპრეზიდენტებს − თითოეულ მათგანს განსაკუთრებული მადლობა. წლების მანძილზე იქმნებოდა ის წარმატება, რომელსაც ჩვენ საბოლოო ჯამში გუშინ მივაღწიეთ. ასევე მინდა მივულოცო ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, მათ ათწლეულების მანძილზე შექმნეს ეს გამარჯვება; ჩვენს ვეტერანებს ვულოცავ, 13 მაისის გმირებს, ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს განსაკუთრებით მინდა მივულოცო; აგრეთვე − ნაკრების ყველა თაობის ფეხბურთელებს, თითოეული მათგანის წვლილი ამ გამარჯვებაში არის განსაკუთრებული. მათი დამსახურებაა ეს გამარჯვება, რომელიც ჩვენ გუშინ შევქმენით და რომელიც მოგვიტანეს ჩვენმა ბიჭებმა“, –  განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ღირსების ორდენით დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა.

„გუშინ პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი საამაყო გუნდის წევრების, მთლიანად ნაკრების, ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე. მინდა დავაზუსტო, რომ დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც იყო გამოძახებული ფინალური მატჩებისთვის. ვულოცავ თითოეულ მათგანს ღირსების ორდენს. ასევე მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა იქნება წარდგენილი ღირსების ორდენზე. ესენი არიან ნამდვილად ღირსეული ადამიანები და ეს არის მინიმალური დაფასება, რაც მათ შეიძლება მიიღონ ქვეყნისა და სახელმწიფოსგან. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, მივულოცო ჩვენს ფეხბურთელებს, ნაკრებს, ფედერაციას და დარწმუნებული ვარ, წინ გველის დიდი გამარჯვებები. რაც მთავარია, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს“, − განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები