საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ პარტნიორობასა და ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პიტერ ფიშერმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
განიხილეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ხაზგასმით აღინიშნა გერმანიის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.
აღინიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელიც ახლო მომავალში იგეგმება.
ირაკლი კობახიძემ დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ გერმანიის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.