„რეპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის ომში ჯო ბაიდენს ადანაშაულებს. „მას არ შეუძლია ლაპარაკი. ის ძალიან სულელი ადამიანია. ის სულელი ადამიანია. მისი საგარეო პოლიტიკა მთელი 50 წლის განმავლობაში საშინელი იყო. თუ გადახედავთ ადამიანებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ სხვა ადმინისტრაციებში, ისინი მას სუსტ, არაეფექტურ პრეზიდენტად ხედავდნენ. ისინი [ჰამასი] არასოდეს განახორციელებდნენ ამ თავდასხმას, მე რომ იქ ვყოფილიყავი“, – განაცხადა ისრაელის გაზეთ Israel Hayom-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ფლორიდის სახლიდან საუბრისას მან იმედგაცრუება გამოხატა იმ ებრაელების მიმართ, რომლებიც მას მხარს არ უჭერენ: „მათ სძულთ ისრაელი“.
აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ისრაელის თავდაცვით ომს „ჰამასის“ წინააღმდეგ და დასძინა, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმას ანალოგიურად უპასუხებდა, თუმცა დაამატა, რომ ისრაელმა ომი უნდა დაასრულოს.
„ის, რაც მე ვნახე 7 ოქტომბერს, იყო ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო რამ, რაც კი ოდესმე მინახავს, მაგრამ ისრაელმა უნდა დაასრულოს ომი. თქვენ უნდა დაასრულოთ თქვენი ომი. თქვენ უნდა დაასრულოთ ეს და დარწმუნებული ვარ, რომ ამას გააკეთებთ. და ჩვენ უნდა მივაღწიოთ მშვიდობას, ჩვენ არ შეგვიძლია ეს გაგრძელდეს. მე ვიტყოდი, რომ ისრაელი უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, რადგან თქვენ კარგავთ მსოფლიოში ბევრ ვინმეს, კარგავთ უამრავ მხარდაჭერას, თქვენ უნდა დაასრულოთ და უნდა მიხვიდეთ მშვიდობამდე, რომ შეძლოთ ისრაელისთვის და ყველა დანარჩენისთვის ნორმალურ ცხოვრებაზე გადასვლა“, – განაცხადა ტრამპმა.