Saturday, November 23, 2024
14.8 C
Tbilisi

რომან გოცირიძე: ეროვნულმა ბანკმა თებერვალში იყიდა 77,5 მილიონი დოლარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ლარი კი არ უფასურდებოდა, არამედ მყარდებოდა და ეროვნული ბანკი არ აძლევდა ამის საშუალებას

„სწორი აღმოჩნდა რასაც ვამბობდი. გუშინ ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა თებერვლის თვეში უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის სტატისტიკა. აღმოჩნდა, რომ ეროვნულმა ბანკმა იყიდა 77,5 მილიონი დოლარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ლარი კი არ უფასურდებოდა, არამედ მყარდებოდა და ეროვნული ბანკი არ აძლევდა ამის საშუალებას. დიდი ალბათობით ასე ხდება მარტის თვეშიც, რომლის შესახებაც ინფორმაციას მხოლოდ 25 აპრილს შევიტყობთ.

იხარბა ეროვნულმა ბანკმა (რაც არაერთხელ მომხდარა), რეზერვების დაგროვებით გაერთო და ზედმეტი მოუვიდა, გამყარების გზაზე მდგარი ლარი გაუფასურების გზაზე დააყენა.

როდესაც ინფორმაციას მალავ, არასწორ სიგნალებს აწვდი ბაზარს. ეს აბნევს ბიზნესს, საზოგადოებას, ექსპერტებსა და სპეციალისტებს, რომლებიც რაღაც გლობალურ ზღაპრებს ყვებიან ლარის „გაუფასურების“ მიზეზებზე. ამავე დროს, ეს ინფორმაცია შეიძლება გახდეს კორუფციის წყარო. როცა ვიწრო წრე ექსკლუზიურად ფლობს რაღაც ინფორმაციას ( ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის რამდენიმე ჩინოვნიკი და ნაწილობრივ, თხუთმეტამდე ბანკი), ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს გამოყენებული არაკეთილსინდისიერად.

უკვე მერამდენე წელია ვუსვამ ეროვნულ ბანკს კითხვას – როცა სავალუტო აუქციონზე ყიდი ან ყიდულობ უცხოურ ვალუტას, ამის შესახებ ინფორმაცია იმავე დღეს ხდება ცნობილი, ხოლო როცა იმავეს აკეთებ აუქციონის გარეშე, ე. წ. Bmach პლატფორმაზე, ინფორმაციას ვიგებთ მხოლოდ მომდევნო თვის ბოლოს, თანაც დაჯამებულს და არა ცალკეული დღეების მიხედვით. რატომ? რომელი მაკრო თუ მიკროეკონომიკური ლოგიკაა ამაში ჩადებული? ლოგიკა ერთია – ვინც ფლობს ექსკლუზიურ ინფორმაციას, ის ფლობს გავლენას და ფულს.

რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, ეს ეროვნულ ბანკს მოჰკითხეთ. აპრილის ბოლოს მიხვდებით, რომ კვლავ ყიდულობდა დოლარებს.

და ბოლოს, რეზერვების დაგროვება თუ ლარის გამყარება – ამაზე შეიძლება ვიდავოთ, მაგრამ ეს დავა მაშინ შეიძლება, როცა რაღაცა ვიცით. როცა არ ვიცით, ესე იგი, ეს ვიღაცას რაღაცისთვის სჭირდება“, – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, დეპუტატი რომან გოცირიძე „ფეისბუქში“.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები