2023 წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები და სავალდებულო გახდა რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყველა ტიპის იარაღის ბალისტიკური შემოწმება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, შესაბამისად, მოქალაქეებისთვის სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მომსახურების სააგენტოს თბილისის, ფოთის, ზუგდიდის, გორისა და თელავის სტრუქტურულ ერთეულებში იარაღის ბალისტიკური შემოწმებისთვის და იარაღის თეორიული გამოცდისთვის აშენდა ახალი შენობები, მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
ვახტანგ გომელაურის განმარტებით, მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად ზრუნავს საპოლიციო სერვისების განვითარებაზე.
„2023 წელს მომსახურების სააგენტომ სერვისების განვითარების კუთხით ცნობების ელექტრონული წესით გაცემა დაიწყო. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ახალი პროგრამა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს ერთი ფანჯრის პრინციპით მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდებას. გასულ წელს მომსახურების სააგენტომ გააგრძელა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩატარებას. მართვის უფლების მისაღები „B“ კატეგორიის პრაქტიკული გამოცდისთვის 45 ახალი ავტომობილი იქნა შეძენილი. ახალი ავტომობილები თანამედროვე GPS სისტემებით აღიჭურვა და საქართველოს მასშტაბით ათ ქალაქში, მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში გადანაწილდა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.