საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პირველ ვიცე-პრეზიდენტს იურგენ რიგტერინკს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოში EBRD-ის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს შეეხო.
მთავრობის მეთაურმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ EBRD-ი სათანადოდ რეაგირებს დასახულ სტრატეგიულ მიმართულებებზე, რაც მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების საშუალებას იძლევა.
შეხვეედრაზე აღინიშნა, რომ EBRD-ის პორტფელი საქართველოში შეადგენს დაახლოებით 5 მილიარდ ევროს 287 პროექტში. ამ ინვესტიციების 82% კერძო სექტორშია.
მთავრობის მეთაურმა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები გააცნო. აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურად მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს.
შეხვედრაზე განიხილეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები და მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა. კერძოდ, შუა სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალი, საქართველოს მთავრობის ხედვა შავი ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტებზე.
იმსჯელეს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე და აღნიშნულ სფეროში საინვესტიციო შესაძლებლობებზე. საუბარი შეეხო საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალს და განახლებადი წყაროების სფეროში ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას EBRD ის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე, EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში ალკის ვრენიოს დრაკინოსი, EBRD-ის მოლდოვის ოფისის დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი და პირველი ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველი ქეით გელვინი ესწრებოდნენ.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.