სპეციალურმა კომისიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დასანიშნად ბექა მამარდაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა და პრემიერ-მინისტრს წარუდგინა.
სპეციალურ კომისიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები: მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე და სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.
სპეციალურმა კომისიამ მუშაობა კანონით დადგენილი წესითა და პროცედურის დაცვით წარმართა და ბექა მამარდაშვილის კანდიდატურა კანონმდებლობის შესაბამისად სამ კანდიდატს შორის შეარჩია.
სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატის საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს.