Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

ქუთაისში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგური გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, ქალაქ ქუთაისში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი ავტომატური სადგური გაიხსნა.

ახალი სადგური გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა და შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანნა ლიბერგმა გახსნეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით, ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულების, ისე საქართველოში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში,  შეძენილია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 8 ავტომატური და 1 მობილური სადგური, აქედან ოთხი სტაციონარული სადგური უკვე დამონტაჟდა და ამოქმედდა ბათუმში, ზუგდიდში, თელავსა და მესტიაში. მინდა მადლობა გადავუხადო შვედეთის მთავრობას მხარდაჭერისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა ვასილ გედევანიშვილმა.

შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ და პროდუქტიულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.

„საქართველოსა და შვედეთის მთავრობებს შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ პრიორიტეტული მიმართულებები ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობა,  ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესება და სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაა. ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანი და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით.  ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება, მნიშვნელოვანი მიღწევა არა მხოლოდ ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, არამედ ზოგადად,  საქართველოში გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით“, – განაცხადა ანნა ლიბერგმა.

რეგიონისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის გახსნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა და აღნიშნა, რომ ახალი სადგური ჰაერის ხარისხის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს გახდის.

სადგურის გახსნის ღონისძიებას შვედეთის სამეფოს საელჩოს განვითარების თანამშრომლობის გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით, უკვე ფუნქციონირებს 13 ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური, მათ შორის 11 ავტომატურ და 2 მობილური. რაც შეეხება ახალი სადგურებიდან მიღებული მონაცემები, ეტაპობრივად აისახება სააგენტოს პორტალზე www.air.gov.ge.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები