შემიძლია, მამუკა ხაზარაძე მოვიხსენიო, როგორც სააკაშვილის მოროდიორი. როცა სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, იგი ატერორებდა ჩვენს მოქალაქეებს, ბიზნესს, ართმევდნენ სახლებს, ბიზნესებს. თუ ვინმე ჩართული იყო ამ ნაძარცვის გადანაწილებაში, ერთ-ერთი იყო ხაზარაძე და მისი ბანკი, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე.
მისი შეფასებით, არ არსებობს ცალკე აღებული არც ხაზარაძე, არც სხვა რეალური, ნამდვილი ოპოზიცია, ესენი არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფები, სატელიტები.
„ოპოზიცია ემზადება სრული კრახისთვის და მორიგი წაგებისთვის. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ოპოზიციაზე, მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ საუბარი გვაქვს ყველაზე ანტიეროვნულ, ანტიქართულ მოვლენაზე, რომელმაც ყველაზე დიდი უბედურება დამართა ჩვენს ქვეყანას. ეს არის აგვისტოს ომი და ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიების 20% ჩააბარა რუსეთს და გასწირა ჩვენი ხალხი ამ ომისთვის. გარდა ამისა, გახსოვთ, ყველამ კარგად იცით მათი მემკვიდრეობა, ეს არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, საშინელი ტერორი და ა.შ. ამ ყველაფრის თანამონაწილე იყო ბატონი ხაზარაძე. აქვე, მინდა, ჟურნალისტებს მოგმართოთ თხოვნით, რომ როცა თქვენ საუბრობთ ისეთ პიროვნებაზე, როგორიც არის ბატონი ხაზარაძე, იგი უნდა მოიხსენიოთ კრიმინალად. შეგახსენებთ, რომ ბატონი ხაზარაძე არის გასამართლებული, თაღლითობაში იყო მხილებული და იგი სასამართლომ აღიარა თაღლითად, კაცი, რომელმაც საკუთარი ბანკი, საკუთარი ინვესტორები გაძარცვა და თაღლითური სქემა შეადგინა, რაზეა საერთოდ საუბარი? შემიძლია, ხაზარაძე მოვიხსენიო, როგორც სააკაშვილის მოროდიორი, რადგან როცა სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, იგი ატერორებდა ჩვენს მოქალაქეებს, ბიზნესს, ართმევდნენ სახლებს, ბიზნესებს და ა.შ. თუ ვინმე ჩართული იყო ამ ნაძარცვის გადანაწილებაში, მათი ქონებების მითვისებაში, ერთ-ერთი იყო ხაზარაძე და მისი ბანკი. იგი თავიდან ბოლომდე იყო ჩართული კრიმინალურ საქმიანობაში სააკაშვილთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.