Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

ბიძინა ივანიშვილმა და ეკატერინე ხვედელიძემ მსახიობ სოსო ჯაჭვლიანის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად, ქაშვეთის ტაძარში მსახიობ სოსო ჯაჭვლიანის პანაშვიდზე მივიდა და ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.

ცნობილი ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სოსო ჯაჭვლიანმა დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდის ინსტიტუტი, შემდეგ კი – შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი ტელე-კინორეჟისორის სპეციალობით.
კინოში მსახიობის დებიუტი შედგა ფილმში „კავკასიური რომანსი“ (ელბერდი, რ. გაბრიაძე, ა. დარსაველიძე, 1975). აქ ნახა პირველად სოსო ჯაჭვლიანი თენგიზ აბულაძემ და ლიკა ქავჟარაძესთან ერთად მიიწვია თავის გენიალურ ფილმში „ნატვრის ხე“ (1976). გიორგი ლეონიძის მოთხრობების მიხედვით გადაღებულ ამ კინოშედევრში ს. ჯაჭვლიანმა გედიას დაუვიწყარი სახე შექმნა.

ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ეკრანული სახეები ნოდარ მანაგაძის ფილმში „ამაღლება“ (1977, ხვიჩა) და ყარამან მგელაძის კინოსურათში „ფესვები“ (1987, ახალგაზრდა გიორგი).

მონაწილეობდა ფილმებში: „უმცროსი და“ (ზ. კაკაბაძე, 1977), „ელოდეთ მეკავშირეს“ (ო. კობერიძე, 1980, უკრაინა), „ძმა“ (თ. ბაბლუანი, 1981), „სიბრძნის კარავი“ (ო. კობერიძე, 1981), „დემეტრე II“ (რ. ხოტივარი, 1988), „სამი ალიყური“ (ე. ჟღენტი, 1981), „ჯადოსნური ღამე“ (თ. ფალავანდიშვილი, 1983), „ბანდიტი აგურის ქარხნიდან“ (გ. მატარაძე, 1983), „ყვითელი ჩიტი“ (ა. დარსაველიძე, 1983), „სად მიდიხარ, ჯარისკაცო“ (ი. ერზინკიანი, 1985, სომხეთი), „ექვსი თოვლიანი დღე“ (ი. კვაჭაძე, 1986), „ბებია ყველასთვის“ (ნ. დვალიშვილი, 1987), „ოპერაცია „ვუნდერლანდი““ (გ. კობერიძე, 1988), „მერცხლები და ბეღურები“ (დ. ურუშაძე, 1991), „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ (ნ. ჯორჯაძე, 1996), „საშობაო საჩუქარი“ (ნ. ჯანელიძე, 2005) და სხვა.

სოსო ჯაჭვლიანის სარეჟისორო დებიუტია მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ჩემი პირველი სიყვარული“ (2003).

სოსო ჯაჭვლიანი, სამსახიობო კარიერის გარდა, წარმატებული სპორტსმენიც იყო. 1998 წელს იგი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი მკლავჭიდში მარჯვენა მკლავით (100 კგ). 2018 წელს ბულგარეთში ვეტერანებს შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც, ასევე მარჯვენა მკლავით (100 კგ), გამარჯვება იზეიმა. იგი იყო საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ფედერაციის დამფუძნებელი და მას სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.

სოსო ჯაჭვლიანმა დიდი როლი ითამაშა ქართული მკლავჭიდის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები