Saturday, November 23, 2024
7.8 C
Tbilisi

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძის გარდა სხვა კანდიდატურა არ განიხილება და მისი პრემიერობა იქნება ისტორიული მომენტი, რადგან მთავრობის მეთაური საპარლამენტო წიაღიდან წამოვა

ირაკლი ღარიბაშვილმა თავად ახსნა საკუთარი გადაწყვეტილება, რატომ ტოვებს იგი პრემიერ-მინისტრის პოსტს და რატომ ინაცვლებს პარტიაში, ვფიქრობ, ყველა თანხმდება, მგონი, ოპოზიციაც, რომ ეს სამი წელი იყო გამორჩეული პოლიტიკური და ეკონომიკური მიღწევებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში საქართველომ შეძლო არაერთი გამოწვევის დაძლევა.

„საქართველომ შეძლო, რომ ფაქტობრივად, გამოწვევებით სავსე გარემოში, რომელიც ჩვენს გარშემო არის უსაფრთხოების მხრივ, ომები, კონფლიქტები, ამ სამი წლის განმავლობაში და მათ შორის პანდემიის ბოლო ეტაპი დაემთხვა მის პრემიერ-მინისტრობას, მისი ხელმძღვანელობით საქართველომ შეძლო ისტორიული, პოლიტიკური მიღწევები ჰქონოდა, კანდიდატის სტატუსის სახით. ასევე ისტორიული, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, შესაბამისად, ეს სამი წელი იყო ძალიან წარმატებული, გამოწვევებით სავსე დრო და მან თავად ახსნა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება ახალ პრემიერ-მინისტრს, კანდიდატურა ხვალ პოლიტსაბჭოზე იქნება განხილული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ირაკლი კობახიძე არის ის კანდიდატურა, რომელზეც მსჯელობს პარტია.

„აქაც მნიშვნელოვანია, ერთ რამეს გაესვას ხაზი, იმ შემთხვევაში თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერ-მინისტრი, ესეც იქნება ისტორიული მომენტი. სხვა კანდიდატურა არ განიხილება. ისტორიული მომენტია ქართული დემოკრატიისთვის, რადგან პირველად მას შემდეგ, რაც საქართველო გადავიდა საპარლამენტო რესპუბლიკის წყობაზე, პრემიერ-მინისტრი წამოვა რეალურად საპარლამენტო წიაღიდან და პრინციპში ეს არის რეალური იდეა და მიზანი საპარლამენტო დემოკრატიებისა, როდესაც საპარლამენტო გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები არიან წარმოდგენილი მთავრობაში პრემიერ-მინისტრის სახით თუ სხვა სახით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს შესძენს ახალ დინამიკას პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობას. ვფიქრობ, ოპოზიციისთვისაც ეს არის პოზიტიური მოვლენა და გარკვეულ გამოხმაურებებში ეტყობა კიდევაც. ვინაიდან ყოფილი კოლეგა, რომელთანაც წლები გაქვს გატარებული ერთ სხდომათა დარბაზში, პოლიტიკურ დისკუსიაში, უფრო საინტერესო არის შემდეგ და უფრო სხვანაირი ინტერაქცია არის, როდესაც ასეთი ადამიანი არის მთავრობაში ზოგადად, მინისტრის სახით იქნება თუ პრემიერ-მინისტრის სახით, სხვა დინამიკას შესძენს. სხვათა შორის, გიორგი ამილახვარის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ბევრმა ოპოზიციიდანაც იგრძნო, რომ ეს განსაკუთრებული ურთიერთობაა შემდეგ, პარლამენტის ყოფილ წევრებს სხვანაირად ესმით ერთმანეთის, იცის რა ადამიანმა შიდა პროცესები, რომელიც შიგნით მიდის და ვფიქრობ, საინტერესო წელი იქნება ქართული საზოგადოებისთვისაც, ვინაიდან ეს იქნება პირველი ასეთი გამოცდილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტს და ამ მოწვევის პარლამენტს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს.

„ეს მოვლენაც, რომ პარლამენტის წიაღიდან იყვნენ მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრი, ესეც ახალ დინამიკას აძლევს ჩვენს დემოკრატიას და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ერთ რამეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა არის ერთი პოლიტიკური გუნდი. ხშირად ჩვენთან ერევათ ხოლმე და წარმოდგენა აქვთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა უნდა იყოს ჩასაფრებულ პოზიციაში მთავრობის მიმართ და კრიტიკოსი მთავრობის. ასეთი წარმოდგენებიც კი აქვთ ხოლმე ოპოზიციას. პირიქით არის, მთავრობა არის საპარლამენტო უმრავლესობის მთავრობა. ეს არის იდეა საპარლამენტო დემოკრატიის. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს მოძრაობა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის, არის ბუნებრივი. რიგ შემთხვევებში, თქვენ ალბათ იცით, რომ მთავრობის წევრები, ამავე დროს არიან ხოლმე პარლამენტის წევრები. ამიტომ, ეს არის სწორედ ის ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატია, რომლის მომსწრენიც ჩვენ ვხდებით ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის სახით“, – განაცხადა პაპუაშვილმა, როგორც ამას პირველი არხი იტყობინება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები