GUARDIANGE – თბილისში, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩისა და ფარნავაზ მეფის გამზირის კვეთის გასწვრივ უკვე თვეზე მეტია, ტროტუარზე გადაადგილება შეუძლებელია, განსაკუთრებით ნალექიან ამინდებში და მოქალაქეები, მათ შორის ხანდაზმულები და ბავშვები, იძულებული არიან გზის სავალ ნაწილზე, ან უკეთეს შემთხვევაში ტროტუარსა და გამზირს შორის შედარებით ნაკლებად ტალახიან (მშრალ ამინდებში) მონაკვეთზე იარონ.
ტროტუარის აღნიშნული მონაკვეთი გაუვალი მას შემდეგ გახდა, რაც 2023 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე დაზიანებული მონაკვეთის შესაკეთებლად სამუშაოები ორ ადგილას დაიწყო, უშუალოდ იქ, სადაც წყალი აშკარა იყო რომ ჟონავდა და ლამის ნიაღვრად მოედინებოდა და მისგან 30 მეტრის დაცილებით, მშრალ ადგილასაც (პირველად იქ), სადაც როგორც შემდგომ აღმოჩნდა, სამუშაოები არასწორად ჩატარდა, რადგან დაზიანება არ აღმოჩენილა (რაც ისედაც აშკარად ჩანდა) და ფარნავაზ მეფის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის წინ მოვლილ ბაღში დარგული ხე-მცენარეების ამოთხრისა და ადგილიდან სატვირთო ავტომანქანით მიწის დიდი ოდენობით გატანის შემდეგ, დაახლოებით ერთ კვირაში უკან ნოყიერი მიწის ნაცვლად ხრეში მოიტანეს და გადათხრილი ადგილი ამით ამოავსეს.
აღნიშნულიდან მალევე, შეკეთებული მონაკვეთიდან დაახლოებით 100 მეტრში ცენტრალურ წყალსადენზე მორიგი დაზიანება დაფიქსირდა, რაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ოპერატიულად აღმოფხვრა, თუმცა ტალახიანი წყალი პირდაპირ ტროტუარის მიმართულებით ამოტუმბა და დღემდე, ნალექიან ამინდებში, ეს მონაკვეთი გაუვალია, რადგან სამუშაოების დასრულების შემდეგ კომპანიას ტროტუარი არ მოურეცხავს – არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში. ამდენად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ ერთი თვის წინათ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ტროტუარის დაახლოებით 200 მეტრის მონაკვეთი და გამზირის ერთი ზოლი – მთელ გაყოლებაზე, დღემდე ტალახიანია, მის დაგვას მეეზოვეებიც ვერ ახერხებენ.
„შეხედეთ, რას ჰგავს აქაურობა. ჩვენი ბრიგადირი გვეუბნება, ქაღალდები და დაყრილი ნაგავი აკრიფეთო, მაგრამ წვიმაში აქ გავლა შეუძლებელია. წყლის მილის ადგილი რომ ამოთხარეს და გააკეთეს, მას შემდეგ, უკვე ორი თვეა მგონი, ასეა ჩაოხრებული ეს ტროტუარი და ქუჩაც. ვგვით, მაგრამ მაინც არაფერი ეტყობა“, – უთხრა GUARDIANGE-ის მეეზოვემ, რომლის იდენტიფიცირებასაც არ ვახდენთ. ცოტა ხნით მან მიგვატოვა და ფარნავაზ მეფის გამზირზე გაჩერებულ ავტომანქანის მძღოლთან მივიდა სასაუბროდ, მალევე დაბრუნდა და განაგრძო:
„ახლა ვინც მანქანა გამიჩერა, ჩვენი ბრიგადირია. კიდევ ერთხელ შევჩივლე რა მდგომარეობაცაა, მაგრამ მითხრა, თავი დაანებე ამაზე წუხილს, თავად აქ მცხოვრებ მოსახლეობას არ ადარდებს ეს ამბავი ამდენი ხანია და შენ რაღაზე იკლავ თავსო… უბრალოდ, გული მწყდება, ამდენს ვშრომობთ, დილაადრიან გამოვდივართ, რომ დავასუფთავოთ ქუჩები და ტროტუარები და აბა, ხომ უყურებთ, რამე ეტყობა? მძღოლებიც გიჟებივით დადიან, გასულ წელს მანქანამ დამარტყა ქუჩის გადაღმა და ძლივს გადავრჩი, 5 თვე ვმკურნალობდი… არავის მოვუკითხივარ, არავის უდარდია… სულ რაღაც 60 ლარი მოგვიმატეს წელს ხელფასი, სხვა გზა არ მაქვს, თორემ აქ არ გავჩერდებოდი, ამოდენა ფარნავაზ მეფის გამზირს და ტროტუარს მარტო ვგვი – ცალ მხარეს – დილაადრიან მოვდივარ და… (ამ საუბრისას მასთან ძაღლი მივიდა და მოეფერა) აი, ამათ ვუყვარვარ, ამ ძაღლებისთვის ერთი ვედრო საჭმელი მომაქვს ყოველ დილით…“, – უთხრა GUARDIANGE-ის მეეზოვე ქალმა.
ფარნავაზ მეფის გამზირსა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს დისკომფორტს უქმნის ისიც, რომ ტროტუარების გარკვეული მონაკვეთები ევაკუატორების მიერ არის დაკავებული და გარდა იმისა, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებისას ხელს უშლიან, ნალექიან ამინდებში, მიმდებარე სივრციდან ფარნავაზ მეფის გამზირზე ტალახიც ბლომად შემოაქვთ.
გასულ თვეებში აღნიშნული გამზირი სატვირთო ავტომანქანების საპარკინგე ადგილადაც იყო ქცეული და ზოგჯერ ორ ზოლშიც კი არ ერიდებოდნენ ე.წ. ტრაილერების მძღოლები თავიანთი სატვირთოების გაჩერებას, ხშირად, ხანგრძლივად, დღეებით და კვირაობით დატოვებასაც კი, თუმცა ბოლო პერიოდში მათმა რაოდენობამ აქ საგრძნობლად იკლო, სამაგიეროდ იმატეს ევაკუატორებმა, რომელთა მთავარ საპარკინგე ადგილად სწორედ რომ ფარნავაზ მეფის ფართო გამზირი იქცა.
საპატრულო პოლიცია აქ ათასში ერთხელ თუ ჩაივლის, სამაგიეროდ დილის ექვსი საათიდან, დიდი დიღმის მე-4 მიკრო რაიონში მდებარე ავტობაზიდან, უწყვეტ რეჟიმში მიედინებიან ავტობუსების კოლონები თბილისის სხვადასხვა უბნებში (ამ დროს, დიდი დიღმის მცხოვრებლები, და არა მხოლოდ ისინი, მუდმივად უტრანსპორტობას ან გადაჭედილ საზოგადოებრივ ტრანსპორტს უჩივიან), უფრო ადრე კი, შუაღამისას, დილის 2 ან 3 საათზე, უკვე ლამის დაკანონებული გრაფიკით, მოურიდებლად ღმუიან მოტო თუ „ავტომრბოლელები“ (ამ მხრივაც ამ ქალაქს, დღემდე პატრონი არ ჰყავს)…
GUARDIANGE შეგნებულად არ მიმართავს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შეკითხვით, თუ რატომ დატოვეს ასეთ მდგომარეობაში ტროტუარის 200-მეტრიანი მონაკვეთი, რადგან კომპანიის პირდაპირი ვალდებულებაა სამუშაოების კეთილსინდისიერად და ბოლომდე შესრულება და ამას ის მედიის შეხსენებისა და მითითების გარეშე უნდა აკეთებდეს. ასევე უნდა იქცეოდეს თბილისის მერიაც და ყველა შესაბამისი უწყება.
სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნების შემდეგ, დიდი დიღმის ნაგვით სავსე კონტეინერებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ისეთი ინტენსიური გახდა, რომ ურნებში ნაგავი საძებარია. რაც მართალია, მართალია, ნაგავი გაიტანეს… მაგრამ ნაგავი, ისევ ადგილზეა.